ახალი ამბები

რა უნდა ქნან მშობლებმა, რომლებმაც ბავშვები ბაღში ვერ დაარეგისტრირეს

14 ივლისი, 2017 • 3526
რა უნდა ქნან მშობლებმა, რომლებმაც ბავშვები ბაღში ვერ დაარეგისტრირეს

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია მშობლების ნაწილმა ვერ შეძლო. რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისს, 13:00 საათზე www.kids.org.ge-ზე დაიწყო. “ფეისბუქზე” არაერთი მშობელი წერს, რომ სასურველ ბაღში რეგისტრაცია ვერ შეძლო.

ანა კოხტაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც შვილის დარეგისტრირება ვერ მოახერხა. ანას ბავშვი აგვისტოში 3 წლის ხდება. როგორც თავად ამბობს, 2-დან 3 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში იყო მხოლოდ ადგილები, მაგრამ ვინაიდან 3 წლის აგვისტოში ხდება, სისტემამ იგი არ დაარეგისტრირა. ამის შემდეგ ანა სხვა ბაღში ეცადა ბავშვის დარეგისტირებას, თუმცა ადგილები იქაც შევსებული დახვდა.

თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ რეგისტრაციის დროს ტექნიკური შეფერხება არ ყოფილა. მისივე თქმით, კონკრეტული ასაკობრივი კატეგორიების არარსებობა იმით აიხსნება, რომ ადგილები შევსებულია ამ ასაკობრივი კატეგორიებისთვის. ამასთანავე, სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებისთვის რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყო. 12 000 ბავშვი დარეგისტრირდა პირველ ეტაპზე და შესაძლებელია ადგილები რეგისტრაციის პირველ ეტაპზევე შევსებულიყო.

სააგენტოს წარმომადგენელის განცხადებით, მშობლებს შეუძლიათ ბაღში მივიდნენ და განცხადება დაწერონ, სექტემბერში გარკვეული ადგილები დაემატება და ბავშვების მიღება შესაძლებელი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი