ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ ოთარ აბესაძეს პატიმრობა შეუფარდა

14 ივლისი, 2017 • 4306
სასამართლომ ოთარ აბესაძეს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს, რომელიც სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა, პატიმრობა შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით.

ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხოლო დაცვის მხარე 15 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.

პროკურორმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქმეში არსებობს როგორც სატელეფონო, ასევე, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებენ ქრთამის აღების ფაქტს, ასევე, პროკურორის თქმით, აბესაძე მერიის თანამშრომლების სახელებს იყენებს ჩანაწერებში. პროკურორის განცხადებით, საქმეში ფიგურირებენ მერიის სხვა თანამშრომლებიც და თუ აბესაძე თავისუფალი იქნება, არსებობს რისკი, რომ ისინი საერთო პოზიციაზე შეჯერდებიან, რაც გავლენას იქონიებს გამოძიებაზე.

ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, 2017 წლის 1 ივლისიდან აბესაძე არ იყო საჯარო მოხელე, იყო შტატგარეშე თანამშრომელი,კერძოდ – კონსილტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. ხოლო გამოძიება დაწყებულია 7 ივლისს და ამის გამო, ის მიიჩნევს, რომ ბრალი არასწორად არის ფორმულირებული. მერიის ცნობით, აბესაძე იყო მათი შტატგარეშე თანამშრომელი.

„აბესაძე არცერთ ჩანაწერში არ ახსენებს 3 000 დოლარს და არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ აბესაძე თვითონ რაიმე თანხას აკონკრეტებდეს. ჩვენ გვაქვს გარკვეული პრეტენზიები სწორედ ბრალის ფორმულირებასთან, პრეტენზიები გვაქვს კვალიფიკაციასთან და ამ პრეტენზიების წარმოსადგენად და დასასაბუთებლად მიმდინარეიბს გამოძიება. ჩვენ ამ ყველაფერს წარვადგენთ, დავასაბუთებთ. აქ არის საუბარი იმაზე, მოპოვებული მტკიცებულებები რამდენად არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ბრალი წარდგენილი იყოს და რაც მთავარია, არსებობს თუ არა წარდგენილი ბრალის დანაშაულის შემადგენლობა. ვგულოსხმობ, იყო თუ არა იმ ქმედების დროს რომელსაც ახლა ედავებიან, საჯარო მოხელე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ იყო,“- განაცხადა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პროკურორის თქმით კი, ჩანაწერები ადასტურებენ აბესაძის ბრალეულობას.

„ცალსახად, საქმის მასალებით, ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით დადგენილია, რომ მოქალაქეს ფულს სთხოვს თავად ოთარ აბესაძე. ეს მითითებულია ამ ჩანაწერებში რამდენიმე ადგილას. ის, რომ ადვოკატი ამას ამბობს, ბუნებრივია, მან მაქსიმალურად უნდა დაიცვას ბრალდებულის ინტერესები. თუმცა, რეალობა არის სხვა. არსებობს ცანაწერები, სადაც მოქალაქე ეუბნება ბრალდებულს, რომ მხოლოდ 1000 დოლარი აქვს, აბესაძე კი ეუბნება, რონ 1000 დოლარი არ არის საკმარისი და დანარჩენი თანხა მოიძიოს,“ – განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

მარშანიას თქმით, ჩანაწერებში ჩანს, როგორ ეუბნება აბესაძე მოქალაქეს, რომ იმ თანხის ნაწილით, რომელიც მას მისგან უნდა მიეღო, მოპედის შეძენას გეგმავდა:

“ამ თანხიდან ოთარ აბესაძე მოქალაქეს ეუბნებოდა, რომ ამ თანხის ნაწილით ის გეგმავდა მოპედის შეძენას. ტორტის მირთმევას და სხვა პატივისცემას კი ის აპირებდა არქიტექტურის სამსახურის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებმაც მას, როგორც ის ამბობს, გაუწიეს დახმარება” – ამბობს ადვოკატი.

პროკურორის თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და შეიძლება სხვა პირების ბრალეულობა გამოიკვეთოს.

„სახელებს და გვარებს ახსენებს და კონკრეტულ თანამდებობის პირებს. სხვას ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე,“- განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

პროცესზე განცხადება გააკეთა თავად ბრალდებულმაც. ოთარ აბესაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის დუმილის უფლებით სარგებლობს, საქმის არსებითად განხილვის დროს, ის გაივლის კონსულტაციებს ადვოკატებთან და გამოიძებასთან ითანამშრომლებს, რადგან ეს მისსავე ინტერესებშია.

საქმის არსებითი განხილვა 13 აგვისტოს, 11:00 საათზე დაიწყება.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2017 წლის მაისში დედაქალაქის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

გამოძიების ინფორმაციით, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი მასთან შეთანხმებული იყო  და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ დაჯარიმებულიყვნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება- მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აბესაძის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავების თაობაზე განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ. დედაქალაქის მერიში აცხადებენ, რომ აბესაძე მათი შტატგარეშე თანამშრომელია, დანაშაულის შემცველ ფაქტებს კი რეაგირების გარეშე არ დატოვებენ და გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლებენ.

ოთარ აბესაძე, როგორც მმართველი გუნდის წევრი, მონაწილეობდა სატელევიზიო დებატებში, აქტიურობდა ფეისბუკში და ჩართული იყო პოლიტიკურ პროცესებში. მის სახელს უკავშირდება ხმაურიანი შიდაპარტიული დაპირისპირებაც. როგორც თავად ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობს, ნაცნობები “ოცნების ბიჭს” ეძახდნენ. ვინ არის ოთარ აბესაძე, რომელიც სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა? – ვრცლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი