ახალი ამბები

რესპუბლიკელები: შემაშფოთებელია მმართველი გუნდის უმოქმედობა მიმდინარე მოვლენებზე

13 ივლისი, 2017 • 2541
რესპუბლიკელები: შემაშფოთებელია მმართველი გუნდის უმოქმედობა მიმდინარე მოვლენებზე

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, ისინი შემაშფოთებლად მიიჩნევენ მმართველი პოლიტიკური ძალის უმოქმედობას და დუმილს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

“რესპუბლიკელები” აცხადებენ, რომ აღმაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრების ვიზიტი ოკუპანტ სახელმწიფოში და ამ სახელმწიფოს დუმის წევრებთან მოლაპარაკებების ფარულად წარმოება.

“მმართველი პოლიტიკური გუნდისგან აღნიშნული ვიზიტის მკაფიოდ უარყოფითად შეუფასებლობა ნიშნავს ხელისუფლების მხრიდან ამ სახით „მოლაპარაკებების“ წარმოების არადეკლარირებულ მხარდაჭერას,” – ნათქვამია განცხადებაში.

რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, მიუღებელია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის მხრიდან საქართველოს პარლამენტის 2013 და 2017 წლებში საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებული რეზოლუციების სულისკვეთების საწინააღმდეგო მოქმედებების დაშვება. 2013 წლის რეზოლუციის (რომელსაც ეყრდნობა 2017 წლის რეზოლუცია) მე-18 პუნქტის თანახმად: “საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები, ან იმყოფებოდეს სამხედრო-პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელწმიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას, ან რომლებსაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია. საქართველო განახორციელებს თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო დონეზე პატივისცემის ურყევობის უზრუნველსაყოფად.”

როგორც რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს პარლამენტის წევრების ვიზიტი ოკუპანტ ქვეყანაში და შემდგომ დუმის დეპუტატებისათვის გაკეთებული შეთავაზება „რუსეთ-საქართველო-ნატოს ფორმატის“ შექმნის თაობაზე არის რუსეთის ინტერესების ღიად ლობირება პარლამენტის ტრიბუნიდან, ხოლო აღნიშნულზე პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის წევრების დუმილი – ამ ქმედებების მხარდაჭერა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება რეზოლუციის ზემოთ მოყვანილ დებულებას.

“რუსული პოლიტიკის საფრთხის კონტექსტში ჯდება ხვალ, 14 ივლისს, დაგეგმილი ე.წ „ქართველთა მარში“ – ფაშისტური მარში, რომლის ორგანიზატორები ყალბ, ფსევდოპატრიოტულ განწყობას ამოფარებული, თბილისში ატარებენ მოსკოვის რუსული მარშის პირდაპირ ასლს, ქმნიან ანტისახელმწიოებრივი იდეების გაღვივების ნიადაგს. ნიშანდობლივია, რომ არც ამ აქციის ორგანოზატორებს ემიჯნება მმართველი პოლიტიკური ძალა, უფრო მეტიც, ისინი მისი ყოფილი ჩინოვნიკები და მეხოტბეები არიან. საგანგაშოდ მივიჩნევთ მსგავს ფაქტებზე ხელისუფლების მრავლისმეტყველ დუმილს და მოვუწოდებთ მას, გამოხატოს მკაფიო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,” – აცხადებენ “რესპუბლიკელები”.

რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს პარლამენტის უმრავლესობას, დარჩეს საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებით დამტკიცებული საგარეო პოლიტიკური კურსის ერთგული. ამავდროულად, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმები იმისათვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს, მსგავსი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების განხილვისას აეკრძალოთ ოკუპანტი სახელწმიფოს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან მოლაპარაკებების წარმოება.


საქართველოს პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები- ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია, მოსკოვში დუმის დეპუტატებთან გამართავენ შეხვედრებს. პარტიის პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ საუბრის თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იქნება.

ირაკლი კობახიძემ 11 ივლისს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი და საპარლამენტო უმრავლესობა თავიდან ბოლომდე ემიჯნება პატრიოტთა ალიანსის დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს. პარლამენტის თავმდჯომარის თქმით, ეს არის პარტიული ვიზიტი და მას პარლამენტთან ვერანაირი კავშირი ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი