ახალი ამბები

2018 წელს საქართველოს მასშტაბით ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება იგეგმება

13 ივლისი, 2017 • 3252
2018 წელს საქართველოს მასშტაბით ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება იგეგმება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ 2018 წელს საქართველოს მასშტაბით ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე იგეგმება ჩატარდეს კვლევა, რომელსაც რეპრეზენტატული შედეგები ექნება:

“შარშანწინ ჩატარდა მცირე კვლევა და 2018-ისთვის ვემზადებით, რომ ჩატარდეს რანდომიზირებული კვლევა, რომელიც მოგვცემს ინფორმაციას, თუ ადამიანის ორგანიზმში როგორ არის, გვაქვს თუ არა ქვეყანაში ტყვიის კონცენტრაციის მომეტებული რაოდენობა, განსაკუთრებით ბავშვებში… ეს სერიოზული კვლევაა და მის ჩატარებას ვგეგმავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაშინ უკვე გვექნება ზუსტი ინფორმაცია, არის თუ არა საქართველოში ის მდგომარეობა, რომელიც ასეთ აჟიოტაჟს იწვევს,”- გვეუბნება ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, კვლევა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდება:

“ჩვენ ბევრი მიმართულებით ვთანამშროლობთ ამერიკის დააავადებათა კონტროლის ცენტრთან, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს… მათთან ერთად ვფიქრობთ და ვგეგმავთ დიდ კვლევას, რომელსაც სჭირდება სერიოზული ფინანსური და ადამიანური რესურსის მობილიზება.

კითხვაზე, საქართველოს მასშტაბით დაახლოებით რამდენ ადამიანს ჩაუტარდება გამოკვლევა, გამყრელიძე გვპასუხობს, რომ მინიმუმ 3 000-ს:

“რეპრეზენტატული კვლევა რომ იყოს, თუ გავატარებთ ანალოგიას, რაც ჰეპატიტის კვლევასთან დაკავშირებით ჩვენ 2015 წელს ჩავატარეთ, რომელმაც მოგვცა ინფორმაცია ქვეყანაში C ჰეპატიტის გავრცელებასთან დაკავშირებით, მაშინ დაგვჭირდა დაახლოებით 6 300 ადამიანის გამოკვლევა… როდესაც კვლევის დიზაინი დასრულდება, კვლევის მეთოდოლოგია შემუშავდება, ეს შეიძლება იყოს 3 000-დან ზემოთ,”- განაცხადა მან.

რაც შეეხება იმას, თუ უშუალოდ რომელ ლაბორატორიაში ჩატარდება ანალიზი, გამყრელიძე გვპასუხობს, რომ ეს საქართველოში აკრედიტირებულ ლაბორატორიებში ჩატარდება, თუმცა იგი იხსენებს, რომ როდესაც ჰეპატიტზე ჩატარდა კვლევა, ამ კვლევის ნაწილი ატლანტაში გადამოწმდა.

“ძირითადი ალბათ აქ ჩატარდება, მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რაღაც ნაწილი გადამოწმდეს,”- განაცხადა მან.

რაც შეეხება იმას, თუ  კონკრეტულად როდის ჩატარდება კვლევა 2018 წელს, გამყრელიძე გვპასუხობს, რომ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით კი – ფინანსურ რესურსზე.


 

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა მოსახლეობას გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა, რომ არ გამოიყენონ ქართული სანელებლები – მასში ტყვიის მაღალი შემცველობის გამო. ქართველი მომხმარებლების ნაწილისთვის ეს მოულოდნელი ინფორმაცია იყო. On.ge-ის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ გამოკვლეული 75 ნიმუშიდან ტყვიის დასაშვებ ოდენობაზე მეტს 4 მათგანი შეიცავდა. კანონი ამ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღებას ითვალისწინებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოსტერი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოსტერი

თუ როგორ კონტროლდება საქართველოში ტყვიით დაბინძურება, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი