ახალი ამბები

კორუფცია და წინასწარი გარიგებები – ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე სასამართლო გააკრიტიკეს

13 ივლისი, 2017 • 3074
კორუფცია და წინასწარი გარიგებები – ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე სასამართლო გააკრიტიკეს

ინვესტორთა საბჭოს მეხუთე სხდომაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, მათ შორის იანოშ ჰერმანმა, საქართველოში სასამართლოში არსებულ მდგომარეობა გააკრიტიკეს.

“საქართველოს სასამართლოში შექმნილი მდგომარეობა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის რეპუტაციაზე. ინვესტორთა საბჭომ მრავალგზის გაუსვა ხაზი სასამართლოს რეფორმირების აუცილებლობას” –  სასამართლოში არსებული ვითარება ინვესტორთა საბჭოს მეხუთე სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი იყო. ამის შესახებ სხდომის ოქმში არის საუბარი.

ინვესტორთა საბჭოს მეხუთე სხდომა 14 ივნისს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მას პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი თავმჯდომარებდა და ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროკავშირის დელეგაციის თავმჯოდმარე იანოშ ჰერმანი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი, მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის თავმჯდომარე ოზან სევიმლი და სხვა მაღალი რანგის ღანამდებობის პირები.

სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტიმა, გიორგი ჭირაქაძემ საბჭოს გააცნო გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 100% მთავარ პრობლემად სასამართლოს ასახელებს.

იანოშ ჰერმანმა, ოქმის მიხედვით, განაცხადა, რომ მათ მიერ მიღებული ინფორმაციით, სასამართლოში შეინიშნება კორუფცია და წინასწარი გარიგებები საქმეებთან დაკავშირებით:

“ევროდელეგაციის მიერ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეინიშნება: დარღვევები მოსამართლეების არჩევა, დანიშვნასა და დაწინაურების პროცესში; წინასწარი გარიგებები საქმეებთან დაკავშირებით; პროცედურული ხარვეზები; ფავორიტიზმი; კორუფცია და არასასურველი ჩარევები,”- განაცხადა, ოქმის მიხედვით, იანოშ ჰერმანმა.

ოქმის მიხედვითვე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალურმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორის მიერ აღქმული სასამართლო სისტემის პრობლემების სამწვავეს.

გიორგი კვირიკაშვილმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ პირადად იქნება ჩართული სასამართლოს ფუნდამენტურ პრობლემებთან დაკავშირებულ დისკუსიებში.

“სასამართლოსთან დაკავშირებული პრობლემატიკა კი დამატებით იყოფა აღქმის პრობლემად, რომელიც სასამართლოს წარმომადგენლებსა და საზოგადოებას შორის უკეთესი კომუნიკაციით უნდა გამოსწორდეს,”- განაცხადა ოქმის მიხედვით გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე სხდომაზე ბიზნესდავების განხილვისთვის კომერციული პალატების შექმნაზე იყო საუბარი. კერძოდ, იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა ინიციატივა, რომ საერთო სასამართლოების სისტემის ფარგლებში კომერციული და საგადასახადო პალატები შეიქმნას.

“ინიციატივის მიზანია, ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს შეუქმნათ უფრო კომფორტული გარემო ინვესტიციების განხორციელებისთვის. ინვესტორთა საბჭოს სამდივნო და იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლობენ დონორების მოსაძიებლად, რომლებიც დაეხმარებიან საქართველოს ხელისუფლებას კომერციული პალატების ჩამოყალიბებაში,”- ვკითხულობთ ოქმში.

თეა წულუკიანმა, ოქმის თანახმად, აღნიშნა, რომ პალატების მოსამართლეები უნდა იყვნენ ახალგაზრდა, თუმცა გამოცდილი და საქმის მცოდნე პირები, კომერციული სამართლისა და ინგლისური ენის კარგი ცოდნით.

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, მაიქელ ქოუგილმა განაცხადა, რომ კომერციული პალატა წინ გადადგმული ნაბიჯია და დაინტერესდა, თუ როგორი იქნება პალატების დამოკიდებულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, რადგან, მისი თქმით, საუკეთესო შემთხვევაში ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსგან დამოუკიდებლად უნდა მუშაობდნენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან კომერციული პალატის დამოკიდებულებაზე აქვს კითხვები დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასტინ მაკკინზი სმიტსაც:

“დიდი ბრიტანეთი მოხარული იქნება, მხარი დაუჭიროს კომერციული პალატების შექმნის ინიციატივას, თუმცა გვსურს ვიცოდეთ ხელისუფლების ხედვა ამ საკითხზე, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დამოკიდებულების თაობაზე,”- ოქმის მიხედვით, განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.

იანოშ ჰერმანმა პალატების შექმნასთან დაკავშირებით ასევე განაცხადა, რომ კომერციული პალატები კარგი იდეაა, თუმცა აუცილებელია მიუკერძოებლობის და სამართლიანობის უზრუნველყოფა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი