ახალი ამბები

0,00009 გრამ დეზომორფინზე (“კრაკადილი”) პატიმრობა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო

13 ივლისი, 2017 • 2621
0,00009 გრამ დეზომორფინზე (“კრაკადილი”) პატიმრობა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო

0,00009 გრამი ნარკოტიკული საშუალება – დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის სახით პატირმობის გამოყენება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. ამის შესახებ ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში

პრესრელიზის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება – დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

ლაშა ბახუტაშვილი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2013 წელს დააკავეს. მას 0,00009 გრ ნარკოტიკული ნივთიერება დეზომორფინისთვის (მოხმარებულ ნემსში არსებული ნარჩენისთვის) 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მოსარჩელის განმარტებით, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს. მისი აზრით, 0,00009 გრამი დეზომორფინი არ აჩენდა მოხმარების ან/და გასაღების რისკებს, მაშასადამე, არ არსებობდა ასეთი ქმედებისგან საზოგადოების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი.

მოპასუხე მხარის პოზიციით, დეზომორფინი იწვევს სხვადასხვა სახის მძიმე დაავადებებს და წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უაღრესად საშიშ ნარკოტიკულ საშუალებას. მისი დამზადება შესაძლებელია კუსტარული წესით იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი მასალისგან, რაც კიდევ უფრო ზრდის მისგან მომდინარე რისკებს. დეზომორფინის მცირე, მიკროსკოპული ოდენობის აღმოჩენაც ადასტურებს დეზომორფინის დამზადებისა და შენახვის ფაქტს. ამიტომ კანონმდებელი სჯის იმ ქმედებას, რაც დეზომორფინის მოხმარებამდე განხორციელდა.

“საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის შეფასებისას მხედველობაში მიიღო აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებით გამოწვეული საზოგადოებრივი საფრთხეები და დაადგინა, რომ 0,00009 გრამი დეზომორფინი გამოუსადეგარია მოსახმარად. ასეთი მცირე ოდენობის დეზომორფინის დამზადება, შეძენა ან/და შენახვა არ არის საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელი, რადგან არ შეიცავს მისი მოხმარების ან/და გასაღების რისკებს. მეტიც, 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადება, მისი დამამზადებლის მხრიდან წარმოადგენს ალოგიკურ და უმიზნო ქმედებას. შესაძლოა, ზემოხსენებული ოდენობის დეზომორფინის კვალი ამა თუ იმ საგანზე მიუთითებდეს პირის მიერ დასახელებული ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობით დამზადების, შეძენის ან შენახვის ფაქტზე, რომელიც გამოსადეგია მოსახმარად, თუმცა, ცალკე აღებული 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადების, შეძენის ან/და შენახვის ფაქტი თავისთავად არ შეიცავს ისეთ საფრთხეებს, რომლებიც გაამართლებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრებას.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს და დააკმაყოფილა N696 კონსტიტუციური სარჩელი’, – აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

გადაწყვეტილებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი, სადაც მოსამართლე მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო დეზომორფინის არა მხოლოდ 0,00009 გრამის ოდენობით დამზადება, შეძენა და შენახვა, არამედ ნებისმიერი იმ ოდენობით, რომელიც გამოუსადეგარია მოსახმარად.

დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – დეზომორფინის დიდი ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი