ახალი ამბები

ჰომოსექსუალებისთვის სისხლის დონორობის აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნეს

13 ივლისი, 2017 • 4491
ჰომოსექსუალებისთვის სისხლის დონორობის აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნეს

2017 წლის 12 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, იმ კაცებს, რომლებსაც სექსი აქვთ კაცთან, სისხლის დონორობას უკრძალავდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ჰომოსექსუალი პირებისათვის სისხლის დონაციის უფლების განუსაზღვრელი ვადით აკრძალვა. გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ მსმ (მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან) ჯგუფისათვის დაწესებული აკრძალვა იყო აბსოლუტური და არ განსაზღვრავდა კონკრეტული დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული ქცევა ქმნიდა რისკებს  დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის.

სასამართლოს განმარტებით, არსებული ტექნოლოგიებით აივ-ვირუსის გამოვლენა სრულად არის შესაძლებელი ე. წ. „ფანჯრის პერიოდის“ შემდეგ. შესაბამისად, სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის ბლანკეტურად, განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა სარისკო ქცევის მქონე ჰომოსექსუალი მამაკაცებისათვის არათანაზომიერადაა მიჩნეული. კონსტიტუციური სარჩელის სადავო ნორმა ითვალისწინებდა მსმ ჯგუფისთვის სისხლის დონაციის უფლების აბსოლუტურ აკრძალვას. გასაჩივრებული ნორმა კვლავ არ ითვალისწინებდა ე. წ. „ფანჯრის პერიოდს“, რომლის მიღმაც სისხლის გზით გადამდები დაავადებების აღმოჩენა სრულად შესაძლებელია და ბლანკეტურად, განუსაზღვრელი ვადით ზღუდავდა უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმის დაუყოვნებლივ გაუქმებას, შესაძლოა, საფრთხე შეექმნა სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის უსაფრთხოებისათვის და რეციპიენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნებიდან გამომდინარე ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2017 წლის 1 ნოემბრამდე.

განჩინება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ. საქმე ეხება „სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის  5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 24-ე პუნქტის „ა” ქვეპუნქტს.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიუთითებდნენ, რომ სადავო ნორმას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსი და მოითხოვდნენ მის ძალადაკარგულად ცნობას გამარტივებული წესით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

ანალოგიური შინარსის ბრძანება აქტივისტებმა 2014 წელსაც გაასაჩივრეს, მაშინაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკოსნტიტუციურად მიიჩნია ამგვარი შეზღუდვის დაწესება, თუმცა მაშინ მინისტრ დავით სერგეენკოს გასაჩივრებული ნორმები შეცვლილი ჰქონდა ახალი ბრძანებით, თუმცა აქტივისტები ამბობდნენ, რომ ახალი ბრძანებაც დისკრიმინაციული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი