BASSIANI 2

ღამის კლუბები, როგორც პროტესტისა და სოციალური აქტივიზმის კერა თბილისში

თვეში ორჯერ კლუბ BASSIANI / HOROOM-ის შესასვლელთან მკაცრი “ფეისკონტროლის” გავლა ქვიარ წვეულებების სერიის, HOROOM Nights-ის სტუმრებსაც უხდებათ. კლუბის მიერ მოწყობილი სხვა ღონისძიებების მსგავსად, წვეულებაზე დასწრება ყველას შეუძლია, მაგრამ გამორჩეულად ქვიარ თემის წევრებისათვის სპეციალურად გაიცემა მოსაწვევები, ირჩევა მუსიკა, ეწყობა შოუები. შუაღამის მოახლოებასთან ერთად, იზრდება მომლოდინეთა რიგებიც. კლუბის მონაცემებით, ყოველ ჯერზე წვეულება დაახლოებით 1000 ადამიანს მასპინძლობს. მომავალი HOROOM-ის ღამე უკვე მეთხუთმეტედ გაიმართება.

დინამოს სტადიონის მიწისქვეშ, ყოფილი საცურაო აუზის ტერიტორიაზე განთავსებული კლუბის ჩაბნელებულ სივრცეში იკრძალება ფოტო-ვიდეოგადაღება ან “ფლეშის” გამოყენება, რათა იქ მისულმა სტუმრებმა თავისუფლად შეძლონ შეკრება. “ჰორუმზე” ნახავთ საზეიმო სამოსში გამოწყობილ ადამიანებს, ბრჭყვრიალა მტვრით დაფარულ სხეულებს, დრაგქვინებს, ტრანსგენდერ ქალებსა და კაცებს, რომლებსაც თავად თემის შიგნითაც კი ერთ-ერთ ყველაზე ჩაგრულ ჯგუფად ასახელებენ.

HOROOM-ის ღამეები თავდაპირველად კლუბის ინიციატივითა და დამოუკიდებელი ქვიარ აქტივისტების დახმარებით დაიგეგმა. როგორც საღამოების ერთ-ერთი ორგანიზატორი, აქტივისტი გიორგი კიკონიშვილი ამბობს, “ჰორუმი” იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კლუბმა სრულიად გამიზნულად და გააზრებულად წამოიწყო პოლიტიკური შინაარსის “ფართების სერია”, რომელსაც ჰქონდა თავისი მიზანი: ჰომოფობიის დამარცხება, ქვიარ თემის გაძლიერება და ქალების უფლებების წამოწევა. ღონისძიების პირველი ფეისბუკ “ივენთებიც” კი დახურული იყო.

ჰორუმის ღამე კლუბ ბასიანზე ფოტო: BASSIANI

ჰორუმის ღამე კლუბ ბასიანზე ფოტო: BASSIANI

“თავიდანვე გათვალისწინებული იყო, რომ თვეში ერთხელ მაინც უნდა გაგვეკეთებინა. უბრალოდ, როდესაც პირველად ვგეგმავდით, არ ვიცოდით, რა სახის რეაქცია შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ან ვინ მოვიდოდა, რა სახის საფრთხეები შეიძლებოდა გაჩენილიყო მკვეთრად ჰომოფობიურ საზოგადოებაში. ამიტომ პირველ ჯერზე გათვლილი გვქონდა დაახლოებით 500 ადამიანზე, მაგრამ მოვიდა 1000,” – ამბობს გიორგი.

მისი თქმით, ღონისძიებების სერიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თემის მობილიზებაში. თუ ამ დრომდე საერთო ღირებულებების მქონე ადამიანებს თავად უწევდათ გამოენახათ სივრცე, სადაც ისინი შეკრებას შეძლებდნენ, ამჯერად ინიციატივა კლუბს ეკუთვნოდა.

“ჩვენთან თავიდანვე ბარებიც კი პოლიტიკური იყო. მახსოვს, იყო ბარები, სადაც დავდიოდით, მაგალითად, მარტო მემარცხენე იდეოლოგიის მქონე ადამიანები. ეს ბარებიც პოლიტიკურ შინაარსს ატარებდა, მაგრამ მათი თვითმიზანი ეს არ ყოფილა.

“ჰორუმი” კი კლუბის მხრიდან კიდევ ერთი განაცხადია, რომ მათი სივრცე ღიაა ქვიარ თემისთვის, რომ ყველას ერთად შეგვიძლია გავერთოთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა. ამ ღამეებმა თემი შეკრა და, შეიძლება ითქვას, შექმნა კიდეც,” – ამბობს კიკონიშვილი.

კლუბი BASSIANI 2014 წელს რამდენიმე მეგობარმა დააარსა. როგორც თავად ამბობენ, სოციალური თუ კულტურული ცვლილებებისათვის ბრძოლა თავიდანვე იყო კლუბის მთავარი მიზანი. როგორც მისი ერთ-ერთ დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ამბობს, ქვეყნის მთავარი სპორტული მოედნის ქვეშ მოქმედი კლუბისათვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც საზოგადოებაში არსებული უთანასწორობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვის – ეს იქნება არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა, ჰომოფობია თუ ქალთა მიმართ ძალადობა. კლუბში ეწყობა დისკუსიები ქალების უფლებების შესახებ, რითაც მხარს უჭერენ ფემინისტური დისკურსების განვითარებას.

“ჩვენმა თაობამ იზოლაციის ეპოქა, ომები, ხანგრძლივი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისები გამოიარა და ამ სოციალური ფონის გათვალისწინებით ჩვენთვის ძალიან რთული აღმოჩნდა განვითარებისთვის აუცილებელი სივრცეების პოვნა, სადაც თვითგამოხატვას და თვითშემცნებას შევძლებდით. სწორედ წარსულის გამოცდილება იყო მიზეზი, რომ მივიღეთ სრულიად ავთენტური მოძრაობები და სივრცეები, რომელშიც თანამედროვე არტისტები უკრავენ,” – ამბობს ნაჯა ორაშვილი.

HOROOM-ის ღამეები არ არის კლუბის ერთადერთი სოციალური პროექტი. კლუბის დამფუძნებლები “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები და აქტივისტები არიან. მოძრაობა ქვეყანაში მოქმედი ნაროპოლიტიკის წინააღმდეგ შეიქმნა. BASSIANI არა მარტო უთმობს საკუთარ სივრცეს ღია დისკუსიებსა და შეკრებებს ნარკოპოლიტიკის შესახებ, არამედ ერთვება მასშტაბურ საპროტესტო აქციებშიც. ისინი ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ამას გარდა, არაჰუმანური და უსამართლო პოლიტიკის წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირება მათი სამოქალაქო ვალია. კლუბი “მტკვარი” იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც “თეთრი ხმაურის მოძრაობას” საჯარო დისკუსიისთვის დაუთმო ადგილი, ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის ტალღას უერთდებიან კლუბი KHIDI და “კაფე გალერი”.

როდის დაიწყეს თბილისში კლუბებმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და რამდენად დამახასიათებელია ამ სუბკულტურისათვის სოციალური აქტივიზი?

მწერალი და ჟურნალისტი მეიუ კოლინი, რომელმაც 2015 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ელექტონული მუსიკის სცენისა და კლუბური ცხოვრების განვითარების შესახებ წიგნი გამოსცა, აღნიშნა, რომ კლუბები არ ხდება სოციალური აქტივიზმის სივრცეები, ვიდრე ის საზოგადობა, რომელშიც ის ვითარდება, არ იგრძნობს მსგავს საჭიროებასა და მოსალოდნელ საფრთხეებს.

კოლინი ამბობს, რომ საქართველო ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ითავსებს მუსიკა სოციალური უთანასწორობის წინაშე ბრძოლის ფუნქციას.

კოლინი გვიყვება, რომ 1980-იანი წლებში, ზოგადად, კლუბურმა კულტურამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და ის ლიბერალური ფასეულობების გამავრცელებელი და სისტემის საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირების ადგილი გახდა. კლუბის სივრცე ყოველთვის იბრძოდა რასიზმის, სექსუალური და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ და ქმნიდა პლატფორმას მარგინალიზებული და დევნილი საზოგადოების ფენებისთვის.

მისი თქმით, საქართველოში ელექტრონული მუსიკა უფრო ექსპერიმენტულ ჟანრში იქმნებოდა და თავდაპირველად ფართო მასისათვის გათვლილი არც ყოფილა. ამის მაგალითი იყო ტუსია ბერიძის ან ნიკა მაჩაიძის კომპოზიციები. თუმცა გაცილებით გაბედული აღმოჩნდა ის თაობა, რომელმაც მუსიკის შექმნა 2005 წლის შემდეგ დაიწყო. მათთვის მუსიკა უკვე იყო თვითგამოხატვის საშუალება.

“ცვლილებების ტალღა მოიტანა იმ თაობამ, რომელსაც საბჭოთა წარსულის ძლიერი მოგონებები არ ჰქონდათ; მათ, ვისაც არასდროს წარმოედგინა, რომ “მზე ჩრდილოეთიდან, მოსკოვის მხრიდან ამოდის”, როგორც ეს ერთხელ ედუარდ შევარდნაძემ თქვა.

მათ არ სჭირდებოდათ კლუბი მატერიალური მოგების მისაღებად, არამედ სჭირდებოდათ მუსიკა, რომელიც დაბნელების შემდეგ ხმამაღლა დაუკრავდა და შექმნიდა თავისუფალ გარემოს,” – ამბობს მეთიუ კოლინი.

მისი თქმით, ისეთმა ადგილებმა, როგორებიცაა “კაფე გალერი” ან “ მტკვარზე”, გადამწყვეტი როლი ითამაშა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების აუდიტორიის ჩამოყალიბებაში, რადგან ისინი განუწყვეტლივ ცდილობდნენ დაემყარებინათ კავშირი ელექტრონულ მუსიკასა და ლიბერალურ ფასეულობებს შორის.

კლუბი “მტკვარზე” დაახლობით 5 წელია არსებობს და ისეთ დროს გაიხსნა, როდესაც ღამის კლუბები თბილისში თითქმის აღარ არსებობდა, კლუბში გასართობად სიარული კი შედარებით ნეგატიურად აღიქმებოდა. კლუბის დიჯეი და პრომოუტერი ASH ამბობს, რომ ეს სტერეოტიპი დღეს აღარ არსებობს.

ასევე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მუსიკოსების მხარდაჭერასთან ერთად, ყოველთვის მათთვის მნიშვნელოვანი იყო თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, როგორც ეს, ზოგადად, დამახასიათებელია საკლუბო ცხოვრებისთვის. მსმენელის მატებასთან ერთად ფართოვდებოდა მათი პრიორიტეტებიც და სექსუალური უმცირესობებისათვის ერთ-ერთი პირველი ღია სივრცე საქართველოში სწორედ კლუბები იყო.

რომან აბრამოვი კი სხვებთან შედარებით გაცილებით ახალი კლუბისა და მულტიფუნქციური სივრცის “KHIDI”-ის დიჯეია 2017 წლიდან და ჩართულია კლუბის პროგრამის შედგენაში. აბრამოვი 2010 წლიდან ქმნის მუსიკას. მისი დებიუტი “კაფე გალერიში” შედგა და ამ დროის განმავლობაში აკვირდება თბილისში საკლუბო ცხოვრების განვითარებას:

ამბობს, რომ ამჟამად საკლუბო ცხოვრება საქართველოში 1980-1990-იანი წლების ევროპასა და ამერიკას ჰგავს, სადაც კლუბში სიარული ერთგვარი პროტესტი იყო სისტემის წინააღმდეგ. აბრამოვის თქმით, დღეს თბილისში კლუბების პოლიტიკურ კონტექსტს კარგად გრძნობს საზოგადოება და შედეგად, ეს სირცეები უფრო მეტ ადამიანს იზიდავს:

“დღეს ჩვენთან ზუსტად იგივე სიტუაციაა, რაც 30 წლის წინ იყო დასავლეთში. ვაპროტესტებთ სისტემას, რომელიც გვჩაგრავს, გვიჭერს; სისტემას, სადაც ადამიანებს უამრავი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა აქვს. სისტემას, სადაც შერჩევითი სამართალი ნორმაა, სადაც უმცირესობებს, იქნება ის რელიგიური თუ სექსუალური, ჩაგრავენ. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო საქართველოში ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის განვითარებას. ხალხი დადის კლუბში იმისთვის, რომ საკუთარი პროტესტი ცეკვით გამოხატოს,” – ამბობს აბრამოვი.

საყოველთაო შეკრება ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის - თეთრი ხმაურის მოძრაობა 24.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საყოველთაო შეკრება ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის კლუბში “ბასიანი”24.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოში ელექტრონული მუსიკის განვითარებისა და კლუბური აქტივიზმის ახალი ტალღის შესახებ არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა. ონლაინ ჟურნალი “Resident Advisor”, რომელიც ამ სფეროში ავტორიტეტით სარგებლობს, იმასაც წერდა, რომ თბილისში კლუბში სიარული “პოლიტიკური აქტია”. მეთიუ კოლინი კი ამბობს, რომ თბილისის შესადარებლად ბერლინის მაგალითი არ გამოდგება:

“მაგრამ თბილისი არ არის “ახალი ბერლინი”, როგორც ამას ზოგიერთი მედიასაშუალება წარმოაჩენს, რადგან სოციალური და პოლიტიკური გარემო მკვეთრად განსხვავებულია საქართველოში იმისგან, რაც ბერლინში იყო კედლის დანგრევის შემდეგ. მაგრამ ახალი თაობის თბილისელებს აქვთ საშუალება შექმნან თავიანთი “თბილისი”,” – ამბობს კოლინი.

თბილისური კლუბების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ კვლავ გააგრძელებენ მუშაობას სოციალური მიმართულებით და ადგილობრივი მუსიკოსების მხარდაჭერას. ნაჯა ორაშვილი ბასიანიდან იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოს უხეშად არ ჩაერევა ამ სფეროში და პრივილილეგირებული ჯგუფებისათვის ფინანსური მხარდაჭერის პრეცედენტებიც არ გაგრძელდება:

“BASSIANI ჩვენთვის კი იმ ათასობით მოცეკვავე ადამიანის ენერგიის და თავისუფლების სურვილის გამოა მნიშვნელოვანი, ვინც კლუბებში დილამდე თავდავიწყებით ცეკვავენ, მაგრამ არ იციან, ამ სივრცეების გარეთ რა ელოდებათ. სწორედ ამიტომ გახდა დღეს კლუბებში ცეკვა პოლიტიკური მნიშვნელობის და ზუსტად ამიტომ ვცეკვავთ – ცვლილებებისთვის.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი