ახალი ამბები

12 ივლისს ჩაბუქის ექსტრადირების წინააღმდეგ თბილისში აქცია გაიმართება

12 ივლისი, 2017 • 1891
12 ივლისს ჩაბუქის ექსტრადირების წინააღმდეგ თბილისში აქცია გაიმართება

12 ივლისს, 20:00 საათზე მოქალაქეთა ჯგუფის ინიციატივით თბილისში, პარლამენტი შენობის წინ, დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციაზე მოითხოვენ, რომ საქართველომ არ გადასცეს ჩაბუქი თურქეთს. ორგანიზატორების თქმით, შეკრებაზე დაიგეგმება შემდეგი აქცია თურქეთის საელჩოსთან.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩაბუქი ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, შესაბამისად, მას და მის ოჯახს დღეს სტატუსზე უარი უთხრეს.

გასულ თვეს თბილისში უკვე გაიმართა აქცია ჩაბუქისა და მისი ოჯახისადმი მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სტატუსის დადგენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია პოზოვმა განაცხადა, რომ მთელი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი 7 ივლისს გადაწყდება.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი