სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა, ქუთაისში ყველაზე მეტად – 93.69%-ით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ გადაყვანილ იქნა 1 609 183 მგზავრი, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი  1 082 828 იყო. შესაბამისად, მგზავრთა ნაკადი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში 48.61%-ითაა გაზრდილი.

სააგენტოს მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. პროცენტული მატება ყველაზე მაღალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია. მგზავრთა ნაკადი წინა წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით ქუთაისის აეროპორტში 93.69%-ით არის გაზრდილი.

დეტალური მონაცემების სანახავად დააკლიკეთ მაუსი ისარს და შეცვალეთ გრაფა:

სააგენტოს ინფორმაციით, გაზრდილია მოთხოვნა ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებზეც. კერძოდ,  მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში მესტია 3 240 მგზავრს მოემსახურა, რაც  1746-ით, ანუ 116,87%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ 6 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა კი წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე 457 მგზავრს მოემსახურა.

გაზრდილია განხორციელებული რეისები, საჰაერო სივრცის გამოყენებისა და სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელიც. მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოს  აეროპორტებში განხორციელდა 8 768 სამგზავრო და სატვირთო რეისი, რაც 39,48%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.15%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს – 57 811 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს – 65 992  ერთეული გადაფრენა). ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 16 941.729 ტონა შეადგინა, რაც 4 846.43 ტონით, შესაბამისად – 40.07%- ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი