ახალი ამბები

ციხელაშვილის თქმით, ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებები შესაძლებელია

12 ივლისი, 2017 • 1789
ციხელაშვილის თქმით, ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებები შესაძლებელია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი არ გაუქმდება, ვიდრე არ მოხდება ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია. მასში ცვლილებები კი განხორციელდება, თუ ამისი საჭიროება გაჩნდება, რათა გაუმჯობესდეს მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელება.

“არ იგეგმება ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება, ვიდრე მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანონს გავაუქმებთ მაშინ, როდესაც შეწყდება ტერიტორიების ოკუპაცია და მოხდება დეოკუპაცია, შესაბამისად, არ გვექნება საფუძველი.

კანონში ცვილებები განხორციელებულა ადრეც და მე ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მომავალშიც ვიმუშაოთ ცვლილებებზე, რომელიც მიმართული იქნება ადამიანების ყოფის შემსუბუქებისაკენ, იმიტომ, რომ პრინციპი ამ კანონის გახლავთ, ერთი მხრივ, ოკუპაციის წინააღმდეგ სამართლებრივი ინსტრუმენტის არსებობა და მეორე მხრივ, მის ამოცანას არ წამოადგენს ადამიანების წინააღმდეგ რაიმე ქმედებების განხორციელება,” – აცხადებს მინისტრი.

მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ბარიერები ე.წ. საზღვარზე დაბრკოლებას უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თავად ცხინვალის რეგიონს, რომელიც სრულიად ჩაკეტილია. ციხელაშვილის თქმით, სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ჰუმანიტარული გამოსავლის მოსაძებნად, რომ მოსახლეობას შეეძლოს თავიანთი მიწების დამუშავება და მოსავლის აღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი