ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერგნეთში IPRM-ის ფარგლებში ე.წ. სასაზღვრო ბანერების უკანონო მონტაჟზე ისაუბრეს

11 ივლისი, 2017 • 4543
ერგნეთში IPRM-ის ფარგლებში ე.წ. სასაზღვრო ბანერების უკანონო მონტაჟზე ისაუბრეს

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ის ინციდენტები განიხილეს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ზოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე წლის 7 ივნისიდან 10 ივლისის პერიოდში დაფიქსირდა. მათ შორის, ივნისში  ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონო მონტაჟის საკითხი.

“საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებთან პრინციპულად დააფიქსირეს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას, საკუთარ მიწის ნაკვეთებზე წვდომას და მშვიდობიანად არსებობის უფლებას, არამედ  პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე” – ვკითხულობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამ საკითხისა, შეხვედრაზე ისაუბრეს ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, გიორგი გიუნაშვილის საკითხზე. განსახილველ საკითხებს შორის იყო 2014 წლის 4 ივნისს ოკუპირებულ ახალგორში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქის, დავით ბაშარულის საქმის გამოძიების აუცილებლობის საკითხი, რომელიც 2015 წლის 4 იანვარს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მონაწილეებს გააცნო ის კითხვები, რომლებიც აღნიშნულ საქმეში ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, და უმოკლეს ვადაში მოითხოვა გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  მორიგი  შეხვედრა  2017 წლის 7 სექტემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი