ახალი ამბები

კობახიძე: გამორიცხულია კონსტიტუციის პროექტის მეორე მოსმენაზე უკან დაბრუნება

11 ივლისი, 2017 • 1928
კობახიძე: გამორიცხულია კონსტიტუციის პროექტის მეორე მოსმენაზე უკან დაბრუნება

უმრავლესობა გამორიცხავს კონსტიტუცის პროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას. ამავდროულად, მზად არიან ოპოზიციასთან დიალოგისთვის, თუმცა არ აპირებენ იმ საკთხების გადახედვას, რაც “ქართული ოცნების” შიგნით კონსენსუსის მთავარი საფუძველი გახდა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საუბრობს.

კობახიძის თქმით, შემოდგომაზე კონსტიტუციას მესამე მოსმენით აუცილებლად მიიღებენ. მანვე აღნიშნა, რომ მესამე მოსმენის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ცვლილებების განხორციელების სამართლებრივი და პროცედურული შესაძლებლობები არსებობს.

“მეორე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან დაბრუნება გამორიცხულია და შემოდგომაზე აუცილებლად იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით. მესამე მოსმენისთვის ცვლილებების განხორციელების სამართლებრივი და პროცედურული შესაძლებლობები არსებობს და ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება გვქონდეს კონსულტაციები. პროცედურული თვალსაზრისით, ეს არის შესაძლებელი, სხვადასხვა მექანიზმი შეიძლება ამისთვის გამოვიყენოთ. ეს არის ტექნიკური დეტალები. მთავარია შედგეს კონსენსუსი დოკუმენტთან დაკავშირებით და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ აღნიშნა, რომ მზად არიან, ოპოზიციასთან სუფთა ფურცლიდან დაიწყონ კონსულტაციები, თუმცა არ გადაიხედება ის საკითხები, რომლებიც კონსენსუსის მთავარი საფუძველი იყო მმართველი გუნდის შიგნით.

“ჩვენ ველოდებით ოპოზიციის წინადადებებს. ეს წინადადებები შეიძლება შეეხებოდეს სხვადასხვა საკითხს, თითოეულ საკითხს ჩვენ მივუდგებით მთელი ყურადღებით. კონსულტაციები შეიძლება შეეხებოდეს ნებისმიერ საკითხს. ჩვენ სუფთა ფურცლიდან ვართ მზად, რომ დავიწყოთ ეს კონსულტაციები. ერთადერთი, არის გარკვეული საკითხები, რომელიც იყო კონსენსუსის მთავარი საფუძველი მმართველი გუნდის შიგნით და, ბუნებრივია, ეს საკითხები ვერ გახდება გადასინჯვის საგანი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის ჩართულობას, კობახიძე ამბობს, რომ ოთხი თვის განმავლობაში თავად პრეზიდენტი არ ჩაერთო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ასეთ პირობებში მისი მხრიდან კონსტრუქციულ როლზე საუბარი ზედმეტია.


“ქართულ ოცნებას” მიმართავენ როგორც ოპოზიცია, ასევე პრეზიდენტი, გამოიწვიოს პარლამენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ორი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, ვინაიდან მათთვის კატეგორიულად მიუღებელია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული ჩანაწერი. მათ არც პირველ და მეორე მოსმენებზე კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” დიალოგისთვის მზად არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი