გიორგი მშვენიერაძე: განსაკუთრებული სტატუსი მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტიტუციით არ აქვს

„სახელმწიფოს ვალდებულებაა რწმენის თავისუფლების დაცვა და არა რომელიმე რელიგიის გაძლიერება,“ – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის ხუთი რელიგიური ორგანიზაციის ინტერესებს იცავს საკონსტიტრუციო სასამართლოში. დავის საგანი სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც მთავრობას შეუძლია სახელმწიფო ქონება საკუთრებაში მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცეს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ეს მიდგომა დისკრიმინაციულია.

„მართლმადიდებელი ეკლესიითვის ქონების გადაცემის ინტენსივობა არის ძალიან დაბალი. ყოფილა შემთხვევები, როცა სახელმწიფოს უარი უთქვამს საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემაზე,“ – აღნიშნა თავის გამოსვლაში გიორგი ჩიფჩიურმა. ის პარლამენტის ინტერესებს იცავს სასამართლოში.

„მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიბრუნა თავისი ქონების ნაწილი, რაც საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს ჩამოერთვა. ასევე არსებობს ათეულობით ახალი ქონების საპატრიარქოსთვის გადაცემის შემთხვევა. სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმაც დაკარგეს ქონება, მაგრამ არ უბრუნებენ. მხოლოდ მუსლიმ თემს გადასცეს სარგებლობის უფლებით სამლოცველოები და არა საკუთრებაში,“ – აღნიშნა მოსარჩელეების კიდევ ერთმა დამცველმა, შოთა თუთბერიძემ.

„ამ რელიგიურ ორგანიზაციებს სახელმწიფო ვერ გადასცემს ქონებას პირდაპირი წესით, ასევე, კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ. ისინი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან და ვერც აუქციონში მიიღებენ მონაწილეობას. სახელმწიფოს მხოლოდ უსასყიდლოდ საპატრიარქოსთვის შეუძლიოა ქონების გადაცემა. დღემდე პასუხი ვერ მივიღეთ, რა არის ამ პრივილეგიის მინიჭების ლეგიტიმური მიზანი,“ – თქვა გიორგი მშვენიერაძემ.

„განსაკუთრებული სამართლებრივი ურთიერთობა აქვს სახელმწიფოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ეს გამოიხატება სხვადასხვა ასპექტით… შეზღუდვა არსებობს, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა, რაც გამომდინარეობს კონსტიტუციური წესრიგიდან“, – უპასუხა მოსარჩელეებს პარლამენტის წარმომადგენელმა, გიორგი ჩიფჩიურმა.

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე დაინტერესდა –  აქვს თუ არა „საქართველოს კონსტიტუციას რომელიმე“რელიგიური ორგანიზაციისთვის ფინანსური პრივილეგიების დაწესების საშუალება.

„განსაკუთრებული სტატუსი მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს კონსტიტუციით არ აქვს, – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, – კონსტიტუციის მიხედვით, აღიარებულია განსაკუთრებული ისტორიული როლი და ეს მართლაც ასეა. განსაკუთრებულობა ამ ისტორიას მიემართება და არა დღევანდელობას. სახელმწიფო და რელიგია ჯერ კიდევ 1921 წელს გაიმიჯნა, როცა მაშინდელი კონსტიტუციით გამოირიცხა სახელმწიფოსგან რაიმე ფინანსების გადაცემა ეკლესიისთვის. სეკულარიზმის პრინციპი აქედანვე იყო დაცული. კონსტიტუციაში შესაძლოა ისიც ჩაიწეროს, რომ განსაკუთრებული ისტორიული როლი შეასრულა ბაგრატიონთა დინასტიამ. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ბაგრატიონთა შთამომავლებს რაიმე სახის უპირატესობა მივანიჭოთ?!“

სარჩელის არსებით განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განაგრძობს.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორები არიან „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი