ახალი ამბები

გერმანიასა და ავსტრიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების მიმართვა ადგილობრივ მთავრობებს

11 ივლისი, 2017 • 4026
გერმანიასა და ავსტრიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების მიმართვა ადგილობრივ მთავრობებს

გერმანიასა და ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართვა მოამზადეს, რომლის ადრესატებიც ამ ქვეყნების პოლიტიკური ელიტა, სამოქალაქო სექტორი და ჟურნალისტები არიან.

როგორც მიმართვის მომზადების ერთ-ერთმა ინიციატორმა მიხეილ სარჯველაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, ტექსტს დაახლოებით 200 სტუდენტი უერთდება.

“მოვუწოდებთ პოლიტიკის, არასამთავრობო სექტორის და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გერმანიასა და ავსტრიაში, დაინტერესდნენ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ დარღვევით და მოახდინონ რეაგირება რუსეთის ნეოიმპერიალისტურ პოლიტიკასთან მიმართებაში. ჩვენი ძირითადი გზავნილია, რომ ევროპა არ მთავრდება ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვართან და საქართველოში, უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთი ჩუმად, იარაღის გარეშე აწარმოებს ომს ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ.

სწორედ ამიტომ, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს.

დღესვე საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა მიმართვა გავუგზავნეთ ორივე ქვეყნის პარლამენტებს, ფრაქციებს, პოლიტიკურ პარტიებს, საგარეო და ევროკავშირის კომიტეტებს, კომიტეტების თავმჯდომარეეებს, კანცლერს, პრეზიდენტს, საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს.

ჩვენი აზრით, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა აუცილებელია არა მხოლოდ რუსული პროპაგანდისტული მანქანის და ოკუპაციის წინააღმდეგ, არამედ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში საქართველოსთვის აქტუალური საკითხების წინ წამოწევის კუთხით.

მით უმეტეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ სტუდენტებს გვაქვს ის კომპეტენცია (ენების ცოდნა, კონტაქტები), რომელიც საჭიროა, გავაგებინოთ და შევახსენოთ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, თუ როგორ აზიანებს რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხელყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს”, – ნათქვამია მიმართვაში.

“ორგანიზატორები  გერმანულენოვანი ბლოგგვერდის, Georgien im Fokus-ის ირგვლივ ვართ გაერთიანებული, რომელიც ქართველმა სტუდენტებმა დავაარსეთ. მიხეილ სარჯველაძე (კიოლნის უნივერსიტეტი), სალომე სალაძე (ვენის უნივერსიტეტი), ზურაბ ბაკურაძე (ჰანოვერის უნივერსიტეტი)””, – გვითხრა სარჯველაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი