"მეტი რაღა უნდა მოხდეს" აქცია "ბირჟა მაფიის" დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად 10.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ბირჟა მაფიის რეპერი: პოლიციელები ისევ გეგმავენ ჩვენთვის ნარკოტიკების ჩადებას

“ბირჟა მაფიის” ერთერთი წევრის, გიორგი ქებურიას თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ “ბირჟა მაფიის” წევრების მიმართ პროვოკაცია იგეგმება, უფრო კონკრეტულად,  პოლიციელები ისევ აპირებენ მისთვის და მიშკა მგალობლიშვილისთვის ნარკოტიკების ჩადებას.

დღეს, 11 ივლისს, გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ქებურიას დედამ, ლელა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციელების სხვა ჯგუფი გეგმავს ჯგუფის წევრებისთვის ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადებას. ეს ინფორმაცია, როგორ ლელა რეხვიაშვილი ამბობს, პოლიციელთა შიდა წრიდან მიაწოდეს რამდენიმე დღის წინ.

ლელა რეხვიაშვილის თქმით, ეს განცხადება არის გამოსაფხიზლებელი, რომლის შემდეგაც “განგაშის ზარები უნდა შემოკრან”.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება ახალი პროვოკაცია გიორგის და მიშიკოს მიმართ. მათ უნდათ განმეორებით მოაწყონ სანახაობა, კიდევ მოხდეს ჩადება. მაქვს დადასტურებული ინფორმაცია. ამის საშიშროება დგას, ისინი არიან კედელთან მიმწყვდეული”, – განაცხადა ლელა რეხვიაშვილმა.

გიორგი ქებურიას თქმით, ასეთ მოლოდინს აძლიერებს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის მიერ ტელეკომპანია იმედის ეთერით გაკეთებული განცხადებები, სადაც მან “ბირჟა მაფიის” წევრებს კრიმინალები უწოდა.

გიორგი ქებურია, ბირჟა მაფიის წევრი

გიორგი ქებურია, ბირჟა მაფიის წევრი

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წევრმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ ერთი თვე გავიდა 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე მოწყობილი მასშტაბური აქციის შემდეგ და იმედი ჰქონდათ, რომ გამოძიება გაარკვევდა სიმართლეს, თუმცა ასე არ მომხდარა.

“იმედი გქვონდა, რომ პოლიციელების მიმართ გამოძიება წარიმართებოდა ობიექტურად და სწრაფად, თუმცა ამ ეტაპზე ამის საფუძველი არ არსებობს, რაც საგანგაშო არის”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

ბექა წიქარიშვილიც იმედგაცრუებულია შს მინისტრის განცხადებებით და მოითხოვს, რომ “ბირჟა მაფიის” დაკავებაში მონაწილე პოლიციელები სამსახურიდან დაითხოვონ და მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ.

წიქარიშვილის თქმით, თუკი ვინმე პოლიციის დისკრედიტაციას ეწევა, არიან ის პოლიციელები, რომლებიც იქცევიან ისე, როგორც მოიქცნენ “ბირჟა მაფიის” წევრების მიმართ. მისი თქმით, ესენი არიან პოლიციელები, რომლებიც მოქმედებდნენ სირაძის საქმეში, თათარიშვილის საქმეში.

“დადასტურდა, რომ ეს არის დეტექტივების მთავარი სამმართველო, რომლებიც ძალიან ბევრ იდენტურ საქმეში ფიგურირებენ, სადაც მოქალაქეები პირდაპირ ადანაშაულებენ პოლიციელებს ე.წ. ჩადებაში”,- ამბობს ბექა წიქარიშვილი.

წიქარიშვილს იმედი აქვს, რომ პროკურატურა საქმეს დროულად გამოიძიებს, თუმცა კითხვები აქვს ამ გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით.

პრესკონფერენციის გამართვის შემდეგ, ქებურიას თქმით, იგი და მისი ადვოკატები თბილისის მთავარ პროკურატურაში დაიბარეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com