ახალი ამბები

ომბუდსმენს შენიშვნები აქვს ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსზე სამინისტროს უარის თაობაზე

11 ივლისი, 2017 • 1762
ომბუდსმენს შენიშვნები აქვს ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსზე სამინისტროს უარის თაობაზე

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ შენიშვნები აქვს ლტოლვილთა სამინისტროს დასკვნასთან დაკავშირებით, რის საფუძველზე მათ უარი უთხრეს მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

“ჩვენ ვსწავლობთ აღნიშნულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. დეტალურ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ. თუმცა ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება უფრო მეტად უნდა იყოს დასაბუთებული, განსაკუთრებით უნდა იყოს გათვალისწინებული ის უახლესი ინფორმაცია, რომელიც წარმოშობის ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებობს”, – აცხადებს ომბუდსმენი.

მისი თქმით, სამინისტროს დასკვნა მხოლოდ რამდენიმე წლის წინანდელ ინფორმაციას ეფუძნება. 

“მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარ პროცესებზე იყოს უფრო მეტად აქცენტი გაკეთებული, მათ შორის იყოს გარკვეულ დასკვნებზე აქცენტი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ თურქეთში არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს და ამაზე არაერთმა ორგანიზაციამ უკვე გააკეთა გარკვეული განცხადება. მათ შორის, ევროპარლამენტმა სულ ახლახან მიიღო სპეციალური რეზოლუცია, სადაც აღნიშნავს, რომ თურქეთში ადგილი აქვს ადამიანთა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ეს რისკები, სამწუხაროდ, სამინისტრომ არ გაითვალისწინა და ის დაეყრდნო უფრო წინანდელ ინფორმაციას. მე ამ კუთხით, ისევე როგორც დასაბუთების კუთხით, გარვეული შენიშვნები მაქვს და ამაზე დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, შესაბამისად, მას და მის ოჯახს 7 ივლისს სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს და თურქეთი მის ექსტრადიციას ითხოვს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, დაკავების მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.


 

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი