ახალი ამბები

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის პროექტში ფუნდამენტური საკითხები უნდა გადაიხედოს

10 ივლისი, 2017 • 1955
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის პროექტში ფუნდამენტური საკითხები უნდა გადაიხედოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციის მიღების პროცესის შეჩერებისა და ფუნდამენტური საკითხების გადახედვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს, 10 ივლისს, გააკეთა. მისივე თქმით, მმართველი გუნდის პოზიცია ადასტურებს, რომ თავიდანვე ცვლილებების მთავარი მიზანი პერსონალურად პრეზიდენტის წინააღმდეგ კამპანიის წარმოება იყო.

“7 ივლისს პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება, დაწყებულიყო რეალური მოლაპარაკება საკონსტიტუციო თემებზე კონსენსუსის მისაღწევად, მმართველი გუნდის მხრიდან უარყოფილ იქნა. „ქართული  ოცნების“ განმარტებით –  ისინი ყველასთან მზად არიან დიალოგის გასამართად, ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის გარდა. სამწუხაროდ, ამ უარმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ იმთავითვე მთელი ეს პროცესი არა  უკეთესი კონსტიტუციის შესაქმნელად, არამედ  პიროვნულად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია იყო. მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მათი ე. წ. მზაობა კონსენსუსის მისაღწევად არაგულწრფელი და მოჩვენებითია”,- განაცხადა მიშველაძემ.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ერთადერთი – შეჩერდეს ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტი და კონსტიტუციაში მოხდეს ძირითადი , ფუნდამენტური საკითხების გადახედვა, როგორიცაა:

[checklist]

  • პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა
  • ბონუსის სისტემის გაუქმება
  • საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა
  • მოსამართლეების დანიშვნის წესი
  • პრეზიდენტის არჩევის წესი
  •  უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი

[/checklist]

“თუ  საპარლამენტო უმრავლესობა ამ ფუნდამენტური საკითხების გადახედვის გარეშე მესამე მოსმენით მაინც მიიღებს არსებულ კანონპროექტს, ეს იქნება არაკონსენსუსური, დაბალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას “, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

23 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. რეგისტრაცია სულ 115-მა დეპუტატმა გაიარა და ცვლილებების პროექტს 115-ივემ მხარდაჭერა გამოუცხადა. კონსტიტუციაში დაახლოებით 50-ზე მეტი ცვლილება შედის.

კონსტიტუციის რეფორმის პროექტი მეორე მოსმენით საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთრობო სექტორის ბოიკოტის ფონზე მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი