2008 წლის აგვისტო; ცხინვალი. ფოტო: epa

ცხინვალში სააკაშვილის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება სურთ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას საერთაშორისო ძებნაში გამოსაცხადებლად საქართველოს მოქალაქეების სია მიაწოდა, მათ შორისაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სოხუმში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი განცხადებით, დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთისთვის მიმართვის მთავარი მიზანია, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადონ იმ პირებზე, რომელთაც, მათი მტკიცებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამხედრო დანაშაული აქვთ ჩადენილი.

ცხინვალის მიერ მოსკოვისთვის გადაცემულ სიაში საქართველოს 75 სამხედრო პირი და მიხეილ სააკაშვილი შედიან.

“სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარია საერთაშორისო სასამართლოს პოზიცია იმ  სისატიკის მიმართ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის მიმართ ჩაიდინა”, – განაცხადა ბიბილოვმა.

რუსული და ოსური მხარეების პოზიციით, 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.


2008 წლის აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებით ICC-ის პროკურორმა საქართველოში წინასწარი მოკვლევა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორმა დაასკვნა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დანაშაულებათა გამოძიება ICC-ის იურისდიციის ფარგლებში გაგრძელდეს. ამის შემდეგ ICC-ის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2015 წლის ოქტომბერში მიმართა წინასასამართლო პალატას გამოძიების გაგრძელების ნებართვით. წარდგენილი მოთხოვნისა და დოკუმენტების საფუძველზე მოსამართლეებმა პროკურორს გამოძიების დაწყების ნებართვა 2016 წლის 27 იანვარს მისცეს.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი