ახალი ამბები

აბაშიძე: ბანერების აღმართვით სურთ გვაიძულონ, ოსეთთან საზღვრის დემარკაციაზე საუბარი დავიწყოთ

10 ივლისი, 2017 • 2166
აბაშიძე: ბანერების აღმართვით სურთ გვაიძულონ, ოსეთთან საზღვრის დემარკაციაზე საუბარი დავიწყოთ

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან ბანერების აღმართვის მიზანია, რომ ქართული მხარე აიძულონ, ოსეთთან საზღვრის დემარკაციაზე საუბარი დაიწყოს:

“ამ ბანერების აღმართვას, რაც ყოვლად მიუღებელი ფაქტია, აქვს ერთ-ერთი მიზანი, რომ აიძულოს ქართული მხარე, დაიწყოს საუბარი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან საზღვრის დემარკაციაზე, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლით ეს პროცესი შეჩერდეს, შეწყდეს და დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარება. ამას საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალიასხმევის 80% მიდის ამ უმძიმესი პრობლემების მოსაგვარებლად”,- განაცხადა აბაშიძემ დღეს, 10 ივლისს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე  საზღვრის აღმნიშვნელი უკანონო ბანერი დამონტაჟდა. სუს-ის ცნობითვე, ბანერის დამონტაჟების გამო რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.

7 ივლისს ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში პრაღაში გაიმართა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა, რომელიც თავისი მანდატის მიხედვით ძირითადად კულტურულ და ეკონომიკურ საკითხებზე ფოკუსირდება, მაგრამ, როგორც აბაშიძემ დღეს განაცხადა, ბანერების აღმართვის შესახებაც გააკეთა განცხადება. მისივე თქმით, ეს ფორმატი უნდა შენარჩუნდეს და ესაა საქართველოს ყველა დასავლელი პარტნიორის რჩევა, მათ შორის- ნატოსა და ევროკავშირის.

აბაშიძის განცხადებით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც 7 ივლისის შეხვედრაზე განიხილეს, 2011 წელს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის გაფორმებული შეთანხმებაა, რომელიც საბაჟო მონიტორინგის ეხება.

“ჩვენი ამოცანა იყო, რომ კონკრეტული, ნათელი პასუხი მიგვეღო რუსეთის მხრიდან, ვიწყებთ თუ არა ამ შეთანხმების რეალიზებას იმპლემენტაციის ეტაპზე. დავაყენეთ საკითხი, რომ შევთანხმდეთ და განვსაზღვროთ ვადები, თუ როდის შეიძლება ამ შეთანხმებას ხელი მოეწეროს. საქართველოს მხარე ცალსახად დაინტერესებულია, რომ ეს შეთანხმება ამოქმედდეს. შევთანხმდით, რომ ჩვენს შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად განვსაზღვრავთ ვადებს, თუ როდის მოდხება ამ კონტრაქტების გაფორმება შვეიცარიულ კომპანიასთან საქართველოს მხრიდან, რუსეთის მხრიდანაც ანალოგიური კონტრაქტის გაფორმება. სასურველია, რომ უახლოეს პერიოდშში მოხდეს ეს ყველაფერი და გადავიდეთ იმპლემენტაციის სტადიაზე”,- განაცხადა აბაშიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი