ახალი ამბები

სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

10 ივლისი, 2017 • 4636
სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

დღეს, 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 50 000 ლარის ოდენობით გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძე.

ბაჩო სირაძე 21 მაისს თბილისში დააკავეს და ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა წაუყენეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რაც დღეს გირაოთი შეეცვალა.

ნეტგაზეთთან საუბრისას ბაჩო სირაძემ განაცხადა, რომ პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება – ბუპრენორფინი ჩაუდო. მისივე თქმით, ბუპრენორფინი მას დაკავების დროს არც უნახავს, მაგრამ დაკავებიდან მესამე დღეს მისცეს ფოტოსურათი, რომელზეც ფხვნილი იყო განოსახული და უთხრეს, რომ ბუპრენორფინი დევს საქმეში.

“გამოძიება დაადგენს ჩემს უდანაშაულობას, რომ ნარკოტიკი იყო ჩადებული. პროკურატურას უკვე მივმართეთ ამასთან დაკავშირებით, ჩვენებაც მაქვს პროკურატურისთვის მიცემული. ვშიმშილობდი 16 დღის განმაბლობაში, რომ პროკურორი შემოსულიყო, დავეკითხე და გადამეცა პროკურორისთვის, რომ პოლიციამ ეს ყველაფერი გააყალბა,”- განაცხადა ბაჩო სირაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბაჩო სირაძეს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, აეკრძალა საღამოს 22:00 საათიდან- 08:00 საათამდე მუდმივი საცხოვრებლის დატოვება.

საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა და პირველი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 ივლისს, 11:30-ზე გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი