ახალი ამბები

დონალდ ტრამპის ვაჟი რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულ იურისტს შეხვდა

10 ივლისი, 2017 • 2037
დონალდ ტრამპის ვაჟი რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულ იურისტს შეხვდა

BBC-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილი აღიარებს, რომ ერთი წლის წინ რუს იურისტს შეხვდა, რომელიც ჰილარი კლინტონის დამაზიანებელი ინფორმაციის მიწოდებას დაჰპირდა.

დონალდ ტრამპ უმცროსმა თქვა, რომ ნატალია ვასელნისკაიას მისთვის მნიშვნელოვანი მასალები საპრეზიდენტო კანდიდატზე არ მიუწოდებია. ამ შეხვედრის შესახებ პირველად New-York Times-მა  დაწერა და მას ასევე ესწრებოდა პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი.

შეხვედრა 2016 წლის 9 ივნისს შედგა ნიუ-იორკში, კონკრეტულად, ტრამპ თაუერში, ზუსტად ორი კვირით ადრე, სანამ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი გახდებოდა.

მას შემდეგ, რაც New-York Times -მა ამ შეხვედრის შესახებ პირველად გაავრცელა ინფორმაცია, უმცროსმა ტრამპმა და ნატალია ვასელნისკაიამ დაადასტურეს, რომ შეხვედრა შედგა, თუმცა, მათი თქმით, ამ შეხვედრაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები არ განხილულა.

“მე მისი სახელიც კი არ ვიცოდი. ჯარედს და პოლს დავეკითხე შეხვედრის შესახებ, მაგრამ მათ არაფერი უთქვამთ. შეხვედრისას მან მითხრა, რომ ჰქონდა ინფორმაცია რუსეთთან დაკავშირებული პირების შესახებ, რომლებიც ეროვნულ დემოკრატიული კომიტეტიდან ფინანსდებოდნენ და კლინტონს უჭერდნენ მხარს. მისი განცხადებები გაურკვეველი და ორაზროვანი იყო, რასაც მტკიცებულებები არ ახლდა და მალევე გახდა ნათელი, რომ იგი მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ფლობდა”,- ნათქვამია დონალდ ტრამპ უმცროსის განცხადებაში.

ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიებას ატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი