ახალი ამბები

მღებრიშვილი მუხთარლის საქმეზე: ჩვენ ხელოვნურად ვერ დავდგამთ გატაცების სცენას

9 ივლისი, 2017 • 2506
მღებრიშვილი მუხთარლის საქმეზე: ჩვენ ხელოვნურად ვერ დავდგამთ გატაცების სცენას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი “იმედის კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრობს. როგორც მღებრიშილი ამბობს, სამართალდამცავებმა ამოიღეს სათვალთვალო კამერების მიერ გადაღბული ჩანაწერები, რომლებიც იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ჟურნალისტი გადაადგილდებოდა:

“ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა აბსურდული და დაუჯერებელი ვერსიებიც კი მოვისმინეთ. ამ ვერსიების გაცვლა-გამოცვლაში საზოგადოებას დაავიწყდა ის, რომ ეს არის საკმაოდ სენსიტიური, მნიშვნელოვანი საქმე და საჭიროებს სახელმწიფოებრივ მიდგომას. ჩატარდა ასობით საგამოძიებო მოქმედება, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები. გამოძიება ერთ ადგილზე არ დგას, გამოძიება მიმდინარეობს” – ამბობს მღებრიშვილი.

მინისტრის თქმით, შსს-მ ვიდეომასალა დაკავებულის ადვოკატსაც გადაუგზავნა:

“ჩვენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოვიღეთ ყველა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მიგვითითა მუხთარლის ადვოკატმა. ყველა იმ ლოკაციაზე იქნა ამოღებული ეს ჩანაწერები. ხდება ანალიტიკური დამუშვება ამ ჩანაწერების. ეს ჩანაწერები გადაეცა მის ადვოკატსაც, მაგრამ მას არ მოეწონა იმდენად, რამდენადაც იქ არ ჩანს გატაცების მომენტი. ჩვენ ხელოვნურად ვერ დავდგამთ გატაცების სცენას და მისთვის სასურველ სცენას ვერ დავდგამთ. ობიექტურად რა მოცემულობაც გვაქვს, მივყვებით მას. გამოძიება მიმდინარეობს, მინდა ყველას მოვუწოდო, უნდათ თუ არა, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ვითომ აღშფოთბულებს მინდა ვუთხრა, გმაოძიება აუცილებლად დასრულდება და დაიდება დასკვნები” – ამბობს გიორგი მღებრიშვილი.

შს მინისტრის თქმით, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში არ ფიგურირებენ ფორმიანი ადამიანები და ჟურნალისტის მტკიცება იმის შესახებ, რომ ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა გაიტაცეს, სიცრუეა:

“მე კატეგორიულად გამოვრიცხავ შსს-ს თანამშრომლების ჩართულობას ამაში. მეტიც, მე კატეგორიულად გამოვრიცხავ ყველა ძალოვანი უწყების ჩართულობას ამ მოცემულობაში, რასაც გვთავაზობს მუხთარლი და მისი ადვოკატი. არ მჯერა, რომ ვინმეს სჯერა იმის ,რომ შუადღისით ფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები იტაცებენ ჯანღონით სავსე ადამიანს და დამნახავი არავინ არაა. არ არსებობს მოწმე, არ არსბეობს არც ერთი ვიდეოჩანაწერი, სადაც შეიძლება ჩანდეს ფორმაში გამოწყობილი ადამიანის გადაადგილება მაინც” – თქვა მინისტრმა.

ვიდეომასალა, რომელიც გამოძიებამ მუხთარლის ადვოკატს გადასცა 27 ივნისს ჟურნალისტის ცოლმა შეაფასა. ლეილა მუსტაფაევას თქმით, ის გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოა. ვიდეოები კი, რომელიც ადვოკატს გადაეცა საქმის შესახებ არაფერს ამბობს:

“რაც შეეხება გამოძიებას, სამწუხაროდ, არაფერია ახალი ქართული პოლიციის მხრიდან. მათ არაფერი წარმოუდგენიათ, გარდა რამდენიმე ვიდეოსი და ჩვენებებისა, რომლებიც არაფერს ამბობს. ჩვენ გამოძიებით უკმაყოფილონი ვართ. ერთი თვე უკვე გავიდა და სერიოზული შედეგი არ დამდგარა. მათ არ უპოვიათ ის 4 ადამიანი, რომლებმაც გაიტაცეს, ისევე, როგორც არ უპოვიათ ის ადამიანი, ვინც მოითხოვა მუხთარლის გატაცება. ეს ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ თავს მალავენ. ეს რომ ყოფილიყო პატარა კრიმინალური დაჯგუფება, იმავე დღეს მათ აუცილებლად დააკავებდნენ. სახელმწიფო პირები არიან ჩართული აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში. ამიტომ არ სურთ მათ ამ საქმის გამოძიება” – თქვა ლეილა მუსტაფაევამ 27 ივნისს.

მუსტაფაევას თქმით, ის სთხოვს პრეზიდენტს, გამოიყენოს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ შეავიწროოს მთავრობა და საქართველოს დღის წესრიგში აფგან მუხთარლის საქმე დარჩეს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი