Success bar: პოლიცია ბარში ლგბტქი ადამიანების სიარულის გამო ქურდობის საქმეს სათანადოდ არ იძიებს

Success ბარის დამფუძნებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბარში 6 დღის წინ მომხდარი ქურდობის არასათანადოდ გამოძიებაში ადანაშაულებს. როგორც ნია გვათუა საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, გამომძიებელი საქმეს “ენთუზიაზმით” იმის გამო არ ეკიდება, რომ ბარში ლგბტქი ადამიანები დადიან:

“ზუსტად 6 დღის წინ გაქურდეს success bar. წაიღეს 7000$-მდე ღირებულების სასმელი, ტექნიკური მოწყობილობები და ფული. ყველაზე საშინელება არის ის, რომ ქურდები, რომლებიც ორნი იყვნენ, ძალიან მშვიდად თიშავენ სიგნალიზაციას. რა თქმა უნდა, გამოვიძახე პოლიცია, ჩატარდა ექსპერტიზა, მოიყვანეს მაძებარი ძაღლები, დაკითხვაზე ვიყავი ღამის 4 საათამდე, გამაფრთხილეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გამევრცელებინა, რადგან შესაძლოა გამოძიებას შეშლოდა ხელი. თავიდან იმედიანად ვიყავი და მეც ვდუმდი.

ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მივეცი ჩვენება, სადაც პირდაპირ მივუთითე, ვისზეც მქონდა საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, ამის შემდეგ კი გამომძიებელი არ იღებს ტელეფონს, არც თავად მიკავშირდება. ჩემი ახლობელი, ყოფილი პროკურორი ჩავრიე, რომ საქმე წინ წასულიყო, მას პოლიციის შიდა წრიდან მიუვიდა ინფორმაცია, რადგან ლგბტქ ადამიანები დადიან ამ ბარში, გამომძიებლები დიდი ენთუზიაზმით არ არიან განწყობილებიო. ამ ამბის გარკვევიდან ისევ დავუკავშირდი გამომძიებელს და ვუთხარი, თუ გამოძებას ყურადღებით არ მოეკიდებოდა, სხვადასხვა ორგანიზაციებს ჩავრთავდი, ამაზე საკმაოდ უხეშად მიპასუხა გამომძიებელმა, აქ მეორედ აღარ დარეკო, ვის ემუქრებიო” – წერს ბარის მფლობელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გვათუას ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი