ახალი ამბები

საია: შსს-ს განცხადება არის მიკერძოებული, ცალმხრივი და არაობიექტური

2 აპრილი, 2013 • 907
საია: შსს-ს განცხადება არის მიკერძოებული, ცალმხრივი და არაობიექტური

საიას თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის თქმით, შს სამინისტროს განცხადება არის მიკერძოებული, ცალმხრივი და არაობიექტური.

 

“რომ საზოგადოებამ ვერ დაინახოს სიმართლე და საიას თანამშრომლები კანონდამრღვევებად წარმოჩინდნენ. სამწუხაროა, რომ ბატონმა მინისტრმა ვერ დაინახა დარღვევები.”

 

მისივე თქმით, კანონდარღვევის თვალსაზრისით მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ შესაძლოა მომავალში მწვანე შუქი აუნთოს შსს-ს თანამშრომლებს.

 

კოჟორიძე მიიჩნევს, რომ მტკიცებულების წაშლის გამო შსს მხოლოდ საყვედურით შემოიფარგლა, რაც, მისივე თქმით, არაადეკვატური იყო.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საია არ გამორიცხავს, პროკურატურას მიმართოს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აჭარაში საიას წარმომადგენელსა და პოლიციის უფროსს შორის მომხდარი ინციდენტი ამოწურულია, ხოლო ცნობები მომხდარი თაობაზე “გაზვიადებული” იყო:

 

“მე მიმაჩნია, რომ ზოგადად ძალიან გაზვიადებული იყო. თქვენ ალბათ ნახეთ, ინციდენტის დროს რაღაც განსაკუთრებული არ მომხდარა, ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაძაბულობას, დაძაბულ საუბარს აჭარის პოლიციის უფროსსა და მოქალაქეს შორის, რომელიც, აღმოჩნდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა აჭარის პოლიციის უფროსს.

 

გენინსპექციის დასკვნის შესაბამისად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საიას აჭარის ფილიალის მძღოლმა როინ ფარტენაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა აჭარის პოლიციის უფროსს, ვალერი თელიას. ინციდენტი დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულ ობიექტებზე დამონტაჟებულმა გარესათვალთვალო კამერებმა. შსს-მ გამოაქვეყნა “ავერსის” სათვალთავლო კამერის მიერ გადაღებული მასალა, თუმცა, საიას წარმომადგენლების თქმით, ინციდენტი სრულად ასახული იყო “ბათუმის სახლზე” დამონტაჟებული კამერით, საიდან ვიდეოჩანაწერილი პოლიციის თანამშრომელმა შეგნებულად წაშალა.

 

გენინსპექციის დასკვნაში მითითებულია, რომ პოლიციის თანამშრომელმა დაუდევრობით წაშალა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი, რის გამოც მის  მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელი და გამოეცხადა სასტიკი საყვედური.

 

საია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს, 19:00 საათზე შს სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი