ახალი ამბები

კომიტეტმა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

2 აპრილი, 2013 • • 993
კომიტეტმა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიაზე საქართველოს გვერდის ავლით შესვლა პირველ ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება და  ეს ქმედება მხოლოდ ადმინისტრაციულ სასჯელს გაითვალისწინებს.

 

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ უცხოეთის მოქალაქეები ქვეყნის კანონმდებლობის არცოდნის გამო პირველივე ჯერზე კრიმინალებად არ უნდა გამოაცხადოს ქვეყანამ:

 

„პირველ ჯერზე იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, თუ ერთი წლის განმავლობაში გაიმეორა, მაშინ იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ადამიანებმა, რომლებიც ასეთ დარღვევას ჩადიან, შეიძლება არ იცოდნენ ეს რეალობა, ასეთი ადამიანების პირველივე ჯერზე კრიმინალებად გამოცხადება არარეალურია, ადამიანს რატომ უნდა ავკიდოთ ნასამართლეობა? – მარტო იმის გამო, რომ მან არ იცოდა, რომ ტერიტორიას გვედავება რუსეთი. მე მგონია, რომ ამ თემის გადაჭარბებული პოლიტიზება ხდება, ჩვენმა ძველმა ხელისუფლებამ წააგო ომი და მერე პოსტ ფაქტუმ ეძება, როგორ გაემართლებინა თავისი წაგებული ომი.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს საზღვარს გადაკვეთს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს:

 

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მე უმრავლესობის იმ არგუმენტს ვერ გავიზიარებ, რომ უცხოეთის მოქალაქე არ არის ვალდებული იცოდეს საქართველოს კანონმდებლობა. მასე საფრანგეთში, აფთიაქში ადვილად შეიძლება სუბოტექსის შეძენა და საფრანგეთის ტერიტორიაზე მოხმარება. თუმცა სუბოტექსით შემოსული ადამიანი, არა მგონია, საქართველოს საზღვარზე დარჩეს შემოწმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გარეშე. თუ რუსეთის საგუშაგო, სადაც სამხედრო მანქანები, ტანკები და ბეტეერებიანი ხალხი დგას, გამშვები პუნქტის ელემენტებს შეიცავს.“

 

საყვარელიძის თქმით, უმცირესობას აქვს ალტერნატიული წინადადება:

 

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში ძირითადი სასჯელი იყოს ჯარიმა, მაგრამ პირს სახდელი არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის კუთხით შეეფარდოს. ადმინისტრაციული სახდელის შემთხვევაში, სახდელის ვადის გასვლის შემდეგ, ყოველ ერთ წელიწადში პირს ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთა თავიდან შეეძლება. ვერც ერთი საგამოძიებო ორგანო მას ვერ დაუსვამს ვერც ერთ საგამოძიებო კითხვას, რას აკეთებს ეს კაცი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი არ იარსებებს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი