გუდიაშვილის მოედანზე, სადაც ელისაშვილმა წარდგენა დააანონსა, სამუშაოები მიმდინარეობს

გუდიაშვილის მოედანზე გუშინ საღამოდან მოყოლებული ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ ამ ადგილას საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა  რამდენიმე დღის წინ ნეტგაზეთთან საუბრისას თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა დააანონსა.

გუდიაშვილის ბაღში, სადაც ელისაშვილმა მერობის კანდიდატად წარდგენა დაანონსა, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. 08.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გუდიაშვილის ბაღში, სადაც ელისაშვილმა მერობის კანდიდატად წარდგენა დააანონსა, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. 08.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ხელისუფლებამ ეს განზრახ გააკეთა, რადგან წარდგენის შესაძლებლობა გუდიაშვილის ბაღში ვერ შეძლოს. ამ სკვერის გადასარჩენად ელისაშვილს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად, არაერთი საპროტესტო აქცია აქვს გამართული.

“ძალიან ღიმილისმომგვრელია, რაც აქ ხდება. ბოლო ორი წელია არავინ მოსულა გუდიაშვილის მოედანზე. დროებითი დამჭერები გააკეთეს ორი წლის წინ, გადათხარეს და დატოვეს გადათხრილი. ერთი მუშა არ გამოჩენილა მთელი ამ ხნის განმავლობაში და მას შემდეგ, რაც ნეტგაზეთით გავრცელდა ანონსი და ნამდვილად დავადასტურე, რომ სამშაბათს, 21:00 საათზე ამ ადგილას მერობის კანდიდატად წარდგენას ვგეგმავ, დაიწყო აქ ეს არანორმალურად ინტენსიური სამუშაოები. გუშინ საღამოს ათობით მუშა მოიყვანეს, ტექნიკა, და სასწრაფო წესით აგებენ ასფალტს, არემონტებენ,” – ამბობს ელისაშვილი.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, სამუშაოების წინააღმდეგი არავინაა, თუმცა ნაჩქარევი არაფერი ვარგა. როგორც ელისაშვილი ამბობს, ძალიან სასაცილოა, რომ ახლა გაახსენდათ სამუშაოები, მის წარგენამდე რამდენიმე დღით ადრე.

ჩვენ ვესაუბრეთ გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ქუჩის მაცხოვრებლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ადგილზე სამუშაოებს რამდენიმე დღეა ამზადებენ, თუმცა ინტენსიურად გუშინ დაიწყეს გზის გადათხრა.

თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ესაუბრება გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს. 08.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ესაუბრება გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს. 08.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთი თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ ადგილას სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ფონდში კი განგვიმარტეს, რომ ამ ადგილას სამუშაოები დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ხოლო რომელიმე მერობის კანდიდატის წარდგენის გამო ამას ვერ შეაჩერებენ.

კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა სამუშაოები გუდიაშვილის ბაღში 11 ივლისს 21:00 საათზე, როცა ელისაშვილს წარდგენა აქვს დაგეგმილი, ფონდში ამაზე პასუხი არ აქვთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სამუშაოები გვიანობამდე გაგრძელდეს.

გუდიაშვილის ბაღში, სადაც ელისაშვილმა მერობის კანდიდატად წარდგენა დაანონსა, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. 08.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გუდიაშვილის ბაღში, სადაც ელისაშვილმა მერობის კანდიდატად წარდგენა დააანონსა, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. 08.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.