ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, ხევსურეთში ჩარჩენილი ტურისტები ვერტმფრენით გადმოჰყავთ

8 ივლისი, 2017 • 2246
შსს-ს ცნობით, ხევსურეთში ჩარჩენილი ტურისტები ვერტმფრენით გადმოჰყავთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მაშველებმა შატილიდან თბილისში რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩამოიყვანეს. უგზოობისა და უამინდობის გამო ექსკურსიაზე მყოფი 15 ბავშვი, 2 მასწავლებელთან და 2 მშობელთან ერთად, ხევსურეთიდან უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

შსს-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დღეს შატილის მიმართულებით რამდენიმე რეისს განახორციელებს და ადგილზე დარჩენილ ტურისტებსა და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანს.

როგორც შსს აცხადებს, პარალელურად, მაშველები დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის ხეობაში მყოფი 5 უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.

მათი ცნობით, დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა განსაცდელში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაციის დამყარება მოახერხა, დადგინდა მათი ადგილსამყოფელის ზუსტი კოორდინატები.

უამინდობისა და მდინარე გუროსჭალის ადიდების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია და სამაშველო ოპერაცია ქვეითად მიმდინარეობს.”

პარალელურად, როგორც შსს-მ გვაცნობა, საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდ, ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს ტურისტების გამოყვანა შატილის მიმდებარე ტერიტორიიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი