36235

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხურ დანაყოფებს დაარტყა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა წერტოლოვანი დარტყმები მიაყენეს სომხეთის არმიას, მწყობრიდან გამოიყვანეს მტრის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო ინფრასტრუქტურა.

სომხური მხარის ცნობით კი, აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად, დღეს ყარაბაღის სამი ჯარისკაცი დაიჭრა.

4 ივლისის ღამეს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ალხანლში, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ეთნიკური აზერბაიჯანელები – 50 წლის ქალი და მისი ორი წლის შვილიშვილი. კიდევ ერთი ქალი სროლის შედეგად დაშავდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მომხდარში სომხურ მხარე დაადანაშაულა. დღევანდელ მოქმედებას აზერბაიჯანულმა მხარემ სწორედ 4 ივლისის ფაქტის შემდგომი პრევენციული ზომა უწოდა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

კონფლიქტებზე მომუშავე ორგანიაზციამ, “საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა” (ICG) 2017 წლის 1 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ყველაზე ახლოს არიან სრულმასშტაბიან ომთან, ვიდრე ოდესმე 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი