ახალი ამბები

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობით, თელიას მართვის მოწმობა არ აქვს

2 აპრილი, 2013 • 1366
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობით, თელიას მართვის მოწმობა არ აქვს

“მოქალაქე ვალერიან თელიას სახელზე, დაბადებული 1979 წლის 7 აპრილს, საქართველოს შსს მოსმახურების სააგენტოს კომპიუტერული ბაზის მონაცემების მიხედვით, მძღოლის მართვის მოწმობა არ არის გაცემული. ამასთან, დღეის მდგომარეობით, მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში არ არის აღრიცხული”, – ნათქვამია მომსახურების სააგენტოდან საიას-სთვის მიწოდებული ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს აწერს შსს მომსახურების სააგენტოს ბათუმის განყოფილების უფროსი დ. გაბელაშვილი.

 

28 მარტს ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით – OHO-523 მართავდა ვალერი თელია, როდესაც მას ინციდენტი შეემთხვა საიას წარმომადგენლებთან. კერძოდ, 28 მარტს, დაახლოებით 10 საათსა და 40 წუთზე, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა, რომელიც 15-20 წუთს გაგრძელდა. ინციდენტის მონაწილე მხარეები აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი ვალერი თელია და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)  აჭარის ფილიალის თანამშრომლები არიან.

 

საიას თანამშრომლების ცნობით, პოლიციის უფროსმა ორგანიზაციის მძღოლს როინ ფარტენაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო გენინსპექციის დასკვნით, პირიქით, თელიას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ფარტენაძემ, რის საპასუხოდაც, როგორც შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, აჭარის პოლიციის უფროსი ვალდებული იყო დაეცვა პოლიციელის მუნდირი. თუმცა შსს უარყოფს იმას, რომ თელიამ ფარტენაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

შსს-ს ცნობით, ფარტენაძე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას, დაარღვია მოძრაობის წესები და დაჯარიმდა 200 ლარით. მომსახურების სააგენტოს ცნობით, ვალერი თელიას არ აქვს მართვის მოწმობა, თუმცა ის მართავდა ავტომანქანას, რის გამოც არავის დაუჯარიმებია.

 

დღესვე აჭარის პოლიციის შენობასთან საიას და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეების ცნობით, აღნიშნულ შენობაში იმყოფება პირადად შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. 19:00 საათზე კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციას გამართავენ თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი