ახალი ამბებისამართალი

ფირცხალავას დაზიანებები აღენიშნება – ადვოკატი ციხის კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს

7 ივლისი, 2017 • 5188
ფირცხალავას დაზიანებები აღენიშნება – ადვოკატი ციხის კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს

ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავზე და ფეხზე აღენიშნება დაზიანება. ადვოკატი ციხეში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს, რათა გაირკვეს, ფირცხალავამ გონების დაკარგვისას მიიღო დაზიანება,  თუ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

”თვითონაც არ იცის, როგორ გაუჩნდა დაზიანებები – გაურკვეველი სიტუაციაა. დააკითვხის დროს გონება დაკარგა და რომ გამოფხიზლდა, აღენიშნებოდა დაზიანება თავზე და ფეხზე. დაარტყეს და იქიდან აქვს დაზიანება, თუ წაქცევის შემდეგ გაუჩნდა, გაურკვეველია. სხვა პატიმრმა გვითხრა, რომ ციხეში ხელი დაარტყესო, მაგრამ ფირცხალავამ მითხრა, დარტყმა და წაქცევა არ მახსოვსო. გაითიშა, გონება დაკარგა და რომ გამოფხიზლდა, მასთან ერთად რამდენიმე პირი იყო, რომლებიც ასულიერებდნენ. დაკითხვაზე იმყოფებოდა, როდესაც ის ცუდად გახდა. მასთან ერთად იყო მოსამართლე, პროკურორი, მანდატური, მდივანი და ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. ადგილზე დამონტაჟებულია კამერები და ვითხოვთ ამოღებას, რათა გავიგოთ, რეალურად რა მოხდა,” – განუცხადა ნეტგაზეთს მალხაზ ველიჯანაშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ის ირაკლი ფირცხალავას მოსანახულებლად შეუშვეს.

ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული ირაკლი ფირცხალავა ე.წ. ციანიდის საქმეზე მოწმის რანგში უნდა დაკითხონ. მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ირაკლი ფირცხალავა გამომძიებელს გუშინ უნდა გამოეკითხა ციხეში, თუმცა ადვოკატი ირწმუნება, რომ ეს არ იყო დაკითხვა და ის ჰგავდა ზეწოლასა და დაშინებას. ირაკლი ფირცხალავამ გამომძიებელს გუშინ ჩვენება არ მისცა და მოითხოვა, რომ მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხონ.

ფირცხალავა დღეს ცინიდის საქმისგან  გამოყოფილ სხვა საქმეზე უნდა დაკითხულიყო, თუმცა დაცვის მხარე აცხადებდა, რომ დაკითხვის შინაარსი სწორედ ე.წ. ციანიდის საქმე უნდა ყოფილიყო. ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულმა სწორედ ამ დაკითხვის დროს დაკარგა გონება და გამოფხიზლების დროს დაზიანებები აღმოაჩნდა სხეულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი