ახალი ამბები

გენინსპექციის დასკვნა საიასა და ვალერი თელიას შორის მომხდარ ინციდენტზე

2 აპრილი, 2013 • 1048
გენინსპექციის დასკვნა საიასა და ვალერი თელიას შორის მომხდარ ინციდენტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სამსახურებრივი შემოწმება აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასა და მოქალაქე როინ ფარტენაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე.

 

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2013 წლის 28 მარტს ბათუმში, გორგასლისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე, აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერიან თელია სამსახურებრივი ავტომანქანით ახორციელებდა ოპერატიულ საქმიანობას,  რა დროსაც მას საავარიო ვითარება შეუქმნა გორგასლის ქუჩიდან მიმავალმა “მერსედესის”  მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე როინ ფარტენაძე. ვ. თელიამ დამრღვევ მძღოლს ხმოვანი სიგნალი მისცა, რაზეც როინ ფარტენაძემ  რამდენიმე ხმოვანი სიგნალით უპასუხა და ვ. თელიას ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა. აღნიშნულის შემდეგ ვ.თელიამ ავტომანქანა უკან დასწია და გააჩერა. ავტომანქანიდან გადმოსული როინ ფარტენაძე აგრესიული იყო  და ხმამაღალი ტონით მიმართავდა ვალერიან თელიას.

 

ვ. თელიამ დამრღვევ მძღოლს ოფიციალურად წარუდგინა თავი და მიუთითა, რომ მას ემოძრავა საგზაო წესების დაცვით, თავი შეეკავებინა შეურაცხყოფისგან, მოუწოდა მას სიმშვიდისაკენ, დაასრულა მოქალაქესთან საუბარი და გაემართა თავისი ავტომანქანისკენ. ამის შემდგომ მოქალაქე როინ ფარტენაძემ კვლავ გააგრძელა აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასადმი უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფის მიყენება, რამაც გამოიწვია მათ შორის გარკვეული დაძაბულობა. ამ დროს “მერსედესის” მარკის ავტომანქანიდან გადმოვიდა მოქალაქე რ. ფარტენაძის თანმხლები პირი, რომელიც ცდილობდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რ. ფარტენაძის დამშვიდებას. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.   

 

აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დეტალებში გარკვევის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან მოახდინეს ჩანაწერების ამოღება. კერძოდ, პოლიციის თანამშრომელი – გ. ს. მივიდა გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ “ბათუმის სახლში”, საიდანაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული ობიექტის გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერის ამოღება, რა დროსაც გ. ს-მ დაუდევრობით ვერ მოახერხა ჩანაწერის ამოღება და დააზიანა არსებული ვიდეოფაილები, რომლის აღდგენაც შემდგომში ვეღარ მოხერხდა. გ.ს-ს მიერ არ მომხდარა აღნიშნული ფაქტის დამალვა, ზემოაღნიშნული დაუდევარი ქმედებით გამოწვეული შეცდომის შესახებ გ.ს-მ პატაკით აცნობა მის უშუალო ხელმძღვანელს. ამის შემდეგ მან მოძებნა ინციდენტის ამსახველი  ალტერნატიული ვიდეომასალის ამსახველი წყარო, კერძოდ, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე “ავერსის” აფთიაქის გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან ამოიღო ჩანაწერი, რომელიც სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა მედიასაშუალებებით. 

 

იმავე დღეს გენერალურმა ინსპექციამ  დაიწყო  სამსახურებრივი შემოწმება, რის შედეგადაც “ავერსის” აფთიაქის ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერითა და გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებებით არ დადასტურდა ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა.

 

სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ  გ.ს-ს არ განუხორციელებია გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ “ბათუმის სახლში” გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერის შეგნებულად დაზიანება, თუმცა დავალების დაუდევარი და არაჯეროვანი შესრულების  გამო მის  მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელი და გამოეცხადა სასტიკი საყვედური.

მასალების გადაბეჭდვის წესი