ახალი ამბები

იუნესკოს ნუსხაში ჰებრონი პალესტინის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით შეიტანეს

7 ივლისი, 2017 • 2975
იუნესკოს ნუსხაში ჰებრონი პალესტინის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით შეიტანეს

იუნესკომ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჰებრონის ისტორიული ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში, როგორც პალესტინის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ისე შეიტანა, რამაც ისრაელში ვნებათაღელვა გამოიწვია.

The Guardian-ის ცნობით, დღეს, 7 ივნისს, გამართულ სესიაზე იუნესკოს კომიტეტმა 12 ხმით 3-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა იმას, რომ ჰებრონის ისტორიული ნაწილი საშიშროების ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შეეტანა. კომიტეტის 6 ქვეყნის წარმომადგენელმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირების დროს იუნესკოში ისრაელის ელჩმა, კარმელ შამა-ჰაკოენმა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სესიის თავმჯდომარის მაგიდასთან მიიჭრა და განაცხადა, რომ მათ ხმის მიცემის ანონიმურობა არ დაიცვეს.

ისრაელის განათლების მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა დაგმო გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ იუნესკო “პოლიტიკური იარაღი უფროა, ვიდრე პროფესიული ორგანიზაცია”.

“ისრაელის კავშირი ჰებრონთან ათასწლეულებს ითვლის. ის დავითის სამეფოს დაბადების ადგილი, პატრიარქების საფლავი და ჩვენი წინაპრების განსასვენებელი და ჩვენი ხალხის უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია”, – განაცხადა მინისტრმა.

ისრაელისგან განსხვავებით, პალესტინის წარმომადგენლებმა მოიწონეს გადაწყვეტილება. პალესტინის ტურიზმის მინისტრმა, რულა მაიამ განაცხადა, რომ იუნესკოს გადაწყვეტილება ისტორიული ნაბიჯია, რადგან მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჰებრონი, მისი ისტორიული მეჩეთით, პალესტინის ხალხს ეკუთვნის.

კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ჰებრონი პალესტინის კულტურული მემკვიდრეობის მესამე ძეგლი იქნება.

ქალაქ ჰებრონის ისტორიული ნაწილი ფოტო: flickr/ Mohamed Yahya

The Guradian-ის ცნობით, პალესტინა ამ საკითხის განხილვის დროს მიანიშნებდა იმაზე, რომ ისრაელი სამხედრო მოქმედებების გამო საფრთხეს უქმნიდა კულტურულ მემკვიდრეობას.

იუნესკოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ჰებრონის/ალ ხალილის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესის ცენტრში ექცევა იბრაჰიმის მეჩეთის/პატრიარქების საფლავის ისტორიული არეალი, რომლის შენობა აგებულია ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, რათა დაიცვას აბრაამის/იბრაჰიმის და მისი ოჯახის წევრების საფლავები.

ეს ადგილი სამი მონოთეისტური რელიგიის: ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის მოსალოც ადგილად იქცა. ქალაქი ასევე სავაჭრო გზაჯვარედინადაა მიჩნეული, რომელიც აკავშირებდა პალესტინის, სინაის, აღმოსავლეთ იორდანიასა და არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილს ერთმანეთთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი