ახალი ამბები

TDI: კონსტიტუციური ცვლილებებით რელიგიის თავისუფლება იზღუდება

7 ივლისი, 2017 • 1948
TDI: კონსტიტუციური ცვლილებებით რელიგიის თავისუფლება იზღუდება

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში წარმოდგენილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის რელიგიის თავისუფლების დაცვას და წარმოშობს უფლებაში არამართლზომიერი ჩარევის მაღალ რისკს.

ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, რომ ახალი ცვლილებებით არ შექმნას რელიგიის თავისუფლების  შეზღუდვის საფრთხეები.

“კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, ადამიანის სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს.

კონსტიტუციის პროექტის ამჟამინდელი რედაქციის მიხედვით კი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა, აღნიშნული დებულება შემდეგნაირად ჩამოაყალიბდა: “ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.”

მოყვანილი ფორმულირება აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს, რადგან აფართოებს შეზღუდვის იმ პირობებს, რომელთა საფუძველზე შესაძლებელია უფლებაში ჩარევა. ამასთან, წინაპირობების ნაწილი ბუნდოვანია და განჭვრეტადობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რადგან სახელმწიფოს შესაძლებლობა ეძლევა, ამ საფუძვლების საფარქვეშ არამართლზომიერად ჩაერიოს უფლებით დაცულ სფეროში და მნიშვნელოვნად გაართულოს მისი პროცესუალური დაცვა.

მაგალითად, შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძველი “სახელმწიფო უსაფრთხოება” ხელისუფლების მიერ შესაძლოა ბოროტად იქნას გამოყენებული იმგვარად, რომ გასცდეს ადამიანის უფლებების ფარგლებს და ბუნდოვანი მიზნით, არალეგიტიმურად შეზღუდოს გარკვეული რელიგიური ჯგუფების საქმიანობა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია სახელმწიფო უსაფრთხოების (უშიშროების) საფუძვლით სამართლიანი სასამართლოს, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, შეკრების და გაერთიანების და მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას მიიჩნევს დასაშვებად, ხოლო რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას ამგვარი საფუძვლით გამორიცხავს.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიამ საკუთარ მოსაზრებაში შეაფასა შეტანილი ცვლილები და სახელმწიფოს მოუწოდა, უფლების შეზღუდვის ფარგლები მკაფიო გაეხადა, რადგან წარმოდგენილი რედაქცია წარმოშობდა რისკს, რომ რწმენის თავისუფლება განმარტებულიყო ზედმეტად ვიწროდ, ხოლო შეზღუდვის საფუძველი – სხვათა უფლებების დარღვევა, საპირისპიროდ – ზედმეტად ფართოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, სახელმწიფოს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის შინაარსთან თანხვედრაში უნდა მოეყვანა, საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმების ფარგლებსაც გასცდა და უფლების შეზღუდვის კრიტერიუმებს დამატებითი წინაპირობებიც დაამატა.

TDI მიიჩნევს, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის მოქმედი ფარგლები (“სხვათა უფლებების დასაცავად”) უფლების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს, ვიდრე შემოთავაზებული რედაქცია, რომელიც წარმოშობს რელიგიის თავისუფლების სფეროში უხეში ჩარევის რისკებს.

TDI მოუწოდებს სახელმწიფოს, დაიცვას ორ ინტერესს შორის ადეკვატური ბალანსი, რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის შეზღუდვის საფუძვლად განიხილოს მხოლოდ კონსტიტუციით და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებული სხვათა უფლებების დაცვა და ახლად ჩამოყალიბებული ლეგიტიმური მიზნებით არ შექმნას არათანაზომიერად რელიგიის თავისუფლების  შეზღუდვის საფრთხეები,”- ვკითხულობთ TDI-ის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი