ახალი ამბები

აშშ-ში დაკავებული სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე ციხიდან წერილს ავრცელებს

7 ივლისი, 2017 • 2641
აშშ-ში დაკავებული სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე ციხიდან წერილს ავრცელებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის მეგობარი მერაბ დვალიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ  ხურციძემ მას ციხიდან წერილი გამოუგზავნა, რომლის მიხედვითაც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

“მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს. თურქეთში მყოფ გულშემატკივრებს, უკრაინაში, ამერიკაში. მე ბედნიერი ვარ, ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემს მიმართ. არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ, მგონი, ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ქუთაისი, ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით. 100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე უკვე ბოქსზე. ძალიან ბედნიერი ვარ, აქ… ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ, კი გამოვეცხადე ანჩისხატივით. მშვიდობით”, – წერია წერილში.

ავთანდილ ხურციძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული იმ დასაბუთებით, რომ საზოგადოებისთვის საშიშია.

ავთანდილ ხურციძე აშშ-ში დააკავეს კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი