ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს მისიამ გაეროს უშიშროების საბჭოს საზღვრის გადმოწევის საკითხზე მიმართა

7 ივლისი, 2017 • 3677
საქართველოს მისიამ გაეროს უშიშროების საბჭოს საზღვრის გადმოწევის საკითხზე მიმართა

გაეროში საქართველოს მისიამ გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან რუსული ჯარების თვითნებური ქმედების გამო სპეციალური განცხადება წარუდგინა. ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს. 

” ეს არის ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ ღირებულებებს, არამედ ვნებს და ზიანს აყენებს ადგილზე უსაფრთხოების საკითხებს, ასევე უგულებელყოფს საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზაზე.

საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მოწოდების მიუხედავად, როგორც განცხადებაში წერია, რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საერთაშორისო ვალდებულებების და კანონების უხეშ დარღვევას და ისევ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობებს.

“ეს ფაქტი და ზოგადი სიტუაცია საქართველოში, როდესაც ოკუპირებულია ტერიტორიები და მომიჯნავე ტერიტორიები, კიდევ ერთხელ წარმოშობს აუცილებლობას, რომ ადგილზე აღდგეს საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმები, რომელიც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარულ პროცესს და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმს შექმნის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რუსეთის უკანანო ქმედებების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღონ. საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, მათ შორის ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებს, საერთაშორისო ქვეყნების მხარდაჭერას, რათა რუსეთის მიერ ზემოთ ხსენებლი ქმედება შეჩერებულ იქნას,”-  ნათქვამია განცხადებაში, რომელიც “ამერიკის ხმამ” გაავრცელა.

4 ივლისს ქართული მედიისა და სუს-ის მიერ გავრცელებულ ცნობას,   რომ “გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გამო რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა”, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისია (EUMM) გამოეხმაურა. მისიის ინფორმაციით, ბანერების დადგმის უკანასკნელი ფაქტი ფიქსირდება არა 4 ივლისს, არამედ 2017 წლის 19 ივნისს ბერშუეთის [გდულეთი] მახლობლად, ძალიან ახლოს ადმინისტრაციულ საზღვართან, იმ მონაკვეთზე, რომელიც თბილისის მიერ არ კონტროლდება.

4 ივლისს ქართული მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს მოსკოვიც გამოეხმაურა და საქართველო კვლავ ცრუ და აბსურდულ განცხადებებში დაადანაშაულა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი