საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეები ევროპარლამენტს ერთობლივი წერილით მიმართავენ

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ევროპარლამენტს ერთობლივი წერილით მიმართეს. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროპარლამენტს მოუწოდებენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტზე, რომელიც 2017 წელს ჩატარდება, ზემოხსენებული სამი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას მხარი დაუჭიროს.

ევროპული პერსპექტივა  ევროკავშირში გაწევრების დაპირებაა.

წერილის მიხედვით, მხარდაჭერა ევროპარლამენტის მხრიდან რეზოლუციის მიღებაში გამოიხატება.

ირკალი კობახიძე აცხადებს, რომ ერთობლივი წერილით მიმართვა მისი ინიციატივა იყო.

„წელს იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, სადაც ჩვენი ევროპული პერსპექტივის საკითხები განიხილება. პირადად ჩემი ინიციატივით, სამმა სპიკერმა – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებმა მივმართეთ ერთობლივი წერილით ჩვენს ევროპელ მეგობრებს იმისთვის, რომ მათი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს მხარდაჭერა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მიმართ და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი წერილით მივმართეთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ წერილის ქართული თარგმანიც გაავრცელა:

აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP), როგორც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მდგრადი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის ეფექტური და ძლიერი მექანიზმის მნიშვნელობის აღიარებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამმა ქვეყანამ – საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას;

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენი ერების ევროპულ მისწრაფებებს და ხაზს ვუსვამთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთმანეთისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის მიზანს;

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებების მიმართ;

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია არის სამი ასოცირებული პარტნიორი ქვეყნის მთავარი ვალდებულება და ვაღიარებთ, რომ დაახლოების პროცესი ქმნის ხელსაყრელ პირობებს ევროკავშირში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ფუნქციური ინტეგრაციისთვის;

გვწამს, რომ ევროკავშირს აქვს ამბიცია, იყოს მყარი და სანდო პარტნიორი მისი აღმოსავლელი მეზობლებისთვის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების, მათ შორის, რუსეთის ხისტი და რბილი ძალის გათვალისწინებით;

ამგვარად, გვწამს, რომ დეკლარაციაში, რომელიც 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იქნება მიღებული, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, მათი ევროპული არჩევანისა და დღის წესრიგის ცალსახა მხარდაჭერა იქნება ასახული;

ვიხსენებთ რა ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების იმპლემენტაციას, რომელიც აცხადებს, რომ „ასოცირების ხელშეკრულებები არ წარმოადგენს ევროკავშირს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ურთიერთობების საბოლოო მიზანს…“და რომ“ ….49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ, გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, თუ ისინი დაიცავენ დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანისა და უმცირესობების უფლებების შესახებ კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და პრინციპებს, ასევე, უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას.“;

შეგახსენებთ ევროკავშირსა და მოლდოვის რესპუბლიკას, უკრაინასა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების პრეამბულას, სადაც დადასტურებულია, რომ სამივე ქვეყანა „ევროპული სახელმწიფოა“ და „აღიარებულია“ მათი „ევროპული მისწრაფებები“;

ხაზს ვუსვამთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების ამბიციური მიზნების ასახვის საჭიროებას ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამებში და კომისიის ხელშეწყობას, შემდგომში გააღრმავოს მხარდაჭერა, მათ შორის, ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობის ხელშეწყობით;

გვწამს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე დემოკრატიის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა;

ჩვენ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტები მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მიიღოს რეზოლუცია, რომელიც პოლიტიკური მხარდაჭერას ასახავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპის საბჭოს, სამ ასოცირებულ ქვეყანას ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა გაუხსნას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის ეს ამბიციური და შორსმჭვრეტელი განცხადება ძლიერი სიგნალი იქნება ამჟამად არსებულ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და იქნება შთამაგონებელი ინსტრუმენტი ევროკავშირის სამივე ასოცირებული პარტნიორი ქვეყნის შემდგომი პროგრესისა და დემოკრატიული გარდაქმნის დაჩქარებისთვის”, – ნათქვამია წერილში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com