ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ შეიძლება შეიცვალოს ონლაინ აზარტული თამაშების რეგულაცია

6 ივლისი, 2017 • 7166
როგორ შეიძლება შეიცვალოს ონლაინ აზარტული თამაშების რეგულაცია

როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო დონეზე ონლაინ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა და მათი ოჯახების დახმარება და არასრულწლოვნების მათში ჩართვის პრევენცია – ამ საკითხებზე დღეს დეპუტატებმა, არასამთავრობო ორგანიზიებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლება პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს.

მთავარი პრობლემა, რომელზეც სამუშაო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს, ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობის სიმარტივეა. დეტუპატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ რეგისტრაციისას თამაშის დაწყების მსურველს შეუძლია პირადი ნომრის გრაფაში ნებისმიერი 11 რიცხვი ჩაწეროს, ზრდის რისკს, რომ მათში არასრულწლოვნები შეიძლება ჩაერთონ. შედეგები კი, დეპუტატის თქმით, საგანგაშოა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შსს-ის სტატისტიკაც წარადგინეს სუიციდისა და სხვა დანაშაულების შესახებ, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ უწყება არ აწარმოებს მონაცემთა იმგვარ დამუშავებას, რომ შესაძლებელი იყოს აზარტულ თამაშებსა და ამ მაჩვენებლებს შორის კორელაცია დადგინდეს:

“მე ვფიქრობ, ამ მხრივ სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. ეს იქნება ასაკობრივი ცენზი, თვითაკრძალვის მექანიზმის შემოტანა, როგორც ინდივიდუალური, ასევე შესაძლებლობა ოჯახის წევრსაც ჰქონდეს, ჩაერიოს ამაში,” – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

როგორც სამუშაო ჯგუფის წევრები აცხადებენ, თვითაკრძალვის მექანიზმი შესაძლოა ონლაინ კაზინოების შემთხვევაში ნაკლებად ეფექტური იყოს, რადგან პერსონის იდენტიფიცირება ამ სფეროში ნაკლებად ხდება. ამ კუთხით, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საჭიროა რეგისტრაციის პროცესის მოწესრიგება, რათა თავიდან იქნას აცილებული არასრულწლვნების ჩაბმა ონლაინ აზარტულ თამაშებში

“ჩვენ როდესაც ამ ბიზნესზე ვსაუბრობთ, გეთანხმებით, ეს არაა ჩვეულებრივი ბიზნესი. მას ახლავს გარკვეული სოციალური დანახარჯები, როგორიცაა, პრიველ რიგში, არასრულწლოვნების ჩართულობა და მეორე – არაჯანსაღი დამოკიდებულება. ჩვენი აზრით, ეს ორი უმთავრესი პრობლემაა, რომელზეც უნდა გაკეთდეს მთავარი აქცენტი, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რატომ უნდა აუკრძალო ადამიანს ითამაშოს, თუ ის სრულწლოვანია და არაჯანსაღ დამოკიდებულებაში არ იმყოფება ამ კონკრეტულ საქმიანობასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომა უნდა შენარჩუნდეს, თუმცა ეს ორი რისკი, რაც ახლავს ამ საქმიანობას, უნდა იქნეს აღმოფხვრილი,” – ამბობს საერთაშორისო გმაჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი.

მისი თქმით, რეგისტრაციის პროცესი უნდა დაიხვეწოს, თუმცა ესეც გონივრულობის ფარგლებში უნდა მოხდეს. პირველ რიგში კი, საკითხის სიღრმისეული კვლევაა საჭირო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი