კახა კალაძის 5 წლის შემაჯამებელი ღონისძიება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“ენერგეტიკული (რ)ევოლუცია” – კალაძის 5-წლიანი ანგარიში

კახა კალაძემ საზოგადოებას 5-ლიანი მოღვაწეობის ანგარიში წარუდგინა, რომელსაც “ენერგეტიკულ (რ)ევოლუციას” უწოდებს. დღესვე მან ენერგეტიკის მინისტრის პოსტი ოფიციალურად დატოვა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კახა კალაძის თქმით, 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი გაზის ქსელში ჩაერთო 190 ათასზე მეტი აბონენტი. მისი განცხადებით, 2014 წლიდან დაიწყო და 2015 წელს დასრულდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 დასახლებულ პუნქტის გაზიფიცირება, რის შედეგადაც 13 459 ოჯახს მიეცა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს გამრიცხველიანების სამუშაოები და 2013-17 წლებში ინდივიდუალურული მრიცხველი დაუმონტაჟდა 228 ათასზე მეტ აბონენტს.

“2013 წელს პროექტის “სინათლე ყველა სოფელს” ფარგლებში დაიწყო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების ელექტროფიცირება. სამუშაოები 2016 წელს დასრულდა და მოიცვა 30 უშუქო სოფელი. დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუცოში, აშენდა 100-კილოვატიანი ჰიდროელექტროსადგური, რომლიც სოფელს სრულად ამარაგებს ელექტროენერგიით და ასევე ემსახურება მუცოს ისტორიული ძეგლის განათებას,” – ამბობს კალაძე.

კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

კალაძის განცხადებით, 2013-17 წლებში ენერგეტიკის სექტორში ქვეყნის ისტორიაში მშენებლობის უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა. მისი თქმით, ექსპლუატაციაში შევიდა 18 ჰიდრო, 2 თბო და 1 ქარის ელექტროსადგური. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 783 მეგავატი, ხოლო ინვესტიციამ 1,186 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა:

“ამჟამად განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 145 პროექტი, მათ შორის, ლიცენზირებისა და მშენებლობის ფაზაში – 43 ელექტროსადგურის პროექტი, რომელთა სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე 1457 მეგავატია, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს. ასევე, კვლევის ეტაპზეა 102 პროექტი, სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრით 3721 მეგავატი, ხოლო ჯამური სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 5,84 მილიარდი აშშ დოლარია.”

კახა კალაძის განცხადებით, 2016 წლის ოქტომბერში საქართველოში დასრულდა 20.7 მეგავატის სიმძლავრის ქარის პირველი ელექტროსადგურის, “ქართლი 1”-ის მშენებლობა: “პროექტისთვის საჭირო სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ იყო გაცემული. პროექტის ფინანსური და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე EMEA Finance-მა ქართლის ქარის ელექტროსადგური 2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტების საუკეთესო გარიგებად დაასახელა.”

კალაძის განცხადებით, 2013 წლიდან დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის გადმცემი ხაზების მშენებლობა და რეაბილიტაცია:

“2015 წელს დამტკიცდა “საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა 2015-2025″. მიმდინარე დაგეგმილი პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 500 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რომელთა შორის 200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა. განვითარება შეეხო ქვეყნის შიდა და ასევე დამაკავშირებელ გადამცემ ხაზებს.”

უკვე ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ათვისება, ხოლო ამის მაგალითად “შაჰ დენიზი” და სხვა პროექტები მოჰყავს.

“შაჰ დენიზის პროექტისთვის, ჯამში, დაგეგმილია 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელდება. ეს პროექტები აკავშირებს აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებს. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის შიდა ქსელის განვითარება. ჯამში, აშენდა 230-მდე კმ სიგრძის გაზსადენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ჯამურმა ინვესტიციამ 116 მლნ. აშშ დოლარს შეადგინა.”

კახა კალაძის 5 წლის შემაჯამებელი ღონისძიება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

კახა კალაძის 5 წლის შემაჯამებელი ღონისძიება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

კალაძის განცხადებით, მომზადებულია ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა: “ეს სრულ შესაბამისობაშია ხელშეკრულებით ენერგორესურსებზე ქვეყნის მზარდ მოთხოვნასთან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა დაახლოებით 250 მილიონი კუბური მეტრი სასარგებლო მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტზე. პროექტის დასრულება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.”

2016 წლის 14 ოქტომბერს ხელი მოეწერა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საწართველოს შეერთების შესახებ ოქმს, რაც გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. კალაძის თქმით, ენერგეტიკის სამინისტრომ მიზნის მისაღწევად განახორციელა არაერთი რეფორმა და სამომავლოდაც გეგმავს ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობის გაგრძელებას.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, როგორც ყოფილი მინისტრი ამბობს, ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი პირველია საინვესტიციო მოცულობის მიხედვით. მისი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორის მიერ მომზადებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 947,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ენერგოპროექტების უმრავლესობა, რომელსაც კახა კალაძე ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანს და წარმატებულს უწოდებს, საპროტესტო აქციების ფონზე ხორციელდებოდა. ჰესებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან როგორც გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე- ადგილობრივები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.