ახალი ამბები

უსუფაშვილი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2015 წელს თავად “ოცნების” ინიციატივა იყო

6 ივლისი, 2017 • 2020
უსუფაშვილი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2015 წელს თავად “ოცნების” ინიციატივა იყო

საქართველოს 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ღია წერილით მიმართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და ახსენებს, რომ 2015 წელს სწორედ ქართული ოცნების ინიციატივა იყო მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

უსუფაშვილი ამბობს, რომ პრემიერის მკვეთრი პოლიტიკური ნაბიჯებით გადაბრუნებული ურმის ფეხზე დაყენება შესაძლებელი იქნება.

“კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ბევრი სამართლებრივ-პოლიტიკურ-ინსტიტუციური კითხვა არსებობს, მაგრამ, დამეთანხმებით, კრიზისული ფონის შექმნა საპარლამენტო საარჩევნო სისტემას უკავშირდება. ვითარებას კი ის ამძიმებს, რომ „ოცნების“ პოზიცია სწორედ ამ საკითხშია ყველაზე სუსტი, უარგუმენტო და „პულტების ანაბარა“ დარჩენილი. საქმე ის არის, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის არა ოპოზიციის ახირება, არამედ თავად „ოცნების“ 2015 წლის საკონსტიტუციო ინიციატივა, სათანადოდ გაფორმებული, დარეგისტრირებული, სახალხოდ განხილული, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მოწონებული და პარლამენტში კენჭისყრისთვის მომზადებული.

ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტი. ეს არის პოლიტიკური განაცხადიც, დაპირებაც და ვალდებულებაც, რომლის არშესრულება ძალიან ძვირად დაუჯდებოდა და დაუჯდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. სწორედ ამ ფონზე გამოიყურება განსაკუთრებით უსუსურად, მეტი რომ არ ვთქვა, ხელისუფლების წარმომადგენლების ნებისმიერი არგუმენტი შერეული სისტემის დატოვებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ქვეყნის პარტიულ-პოლიტიკური სისტემა 2015 წელს გამოიყურებოდა მზად პროპორციული არჩევნებისთვის და 2017-ში ეს ასე აღარ არის? თუ ასეა, რა ჩაიდინა ამისთანა „ოცნებამ“ ამ ორ წელიწადში, რომ ასე უკუღმა დატრიალებულა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების ბორბალი?

ბატონო პრემიერ-მინისტრო, წინ ორი გზაა – თქვენი პოლიტიკური გუნდი ან ბოლომდე მიიყვანს 2015 წელს დაწყებულ საქმეს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ან ის ერთპარტიულ ავტორიტარიზმს დაისახავს მიზნად და ამ მიზანს შეელეწება, როგორც ყველა მისი წინამორბედი. მახსოვს, ჩვენი საერთო ოცნება მსგავსი შელეწვებისგან ქვეყნის დაზღვევა იყო…”- აცხადებს უსუფაშვილი.

ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, ვინაიდან მათთვის კატეგორიულად მიუღებელია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული ჩანაწერი. მათ არც პირველი და მეორე მოსმენებით კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. ისინი საკონსტოტუციო ცვლილებების პროექტის პარლამენტიდან გამოთხოვას და პროცესის თავიდან დაწყებას მოითხოვენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი