ახალი ამბები

ალავიძე: თვითმმართველობის კანონპროექტზე ვეტოს შემთხვევაში, ვიმუშავებთ მის დასაძლევად

6 ივლისი, 2017 • 2040
ალავიძე: თვითმმართველობის კანონპროექტზე ვეტოს შემთხვევაში, ვიმუშავებთ მის დასაძლევად

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში მომზადებულ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, ისინი ვეტოს დასაძლევად იმუშავებენ. ასევე აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტს მმართველი გუნდისთვის მოესმინა:

“ჩვენ ძალიან ბევრი კომენტარი გავაკეთეთ კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ არავის სტატუსს არ ვართმევთ, არც არჩევითობას ვეხებით, აბსოლუტურად. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ, რომ ერთ მუნიციპალიტეტში თელავის სოფლებიც იმავენაირად ადვილად სამართავია, როგორც ცალკ-ცალკე. აქედან გამომდინარე, ტერიტორიულ პრინციპს ვინარჩუნებთ, რაც საქართველოშია. მაშინ უნდა დავყოთ ყველა ქალაქი და სოფელი, რაც ჩვენ ვთვლით, რომ არ არის სწორი მართვის კუთხით. დემოკრატიის ხარისხს ჩვენ არ ვამცირებთ, პირიქით, დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით სექტემბრის სესიებზეც და შემდეგშიც საკმაოდ საინტერესო ინიციატივები გვექნება. თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, ჩვენთვის პირადად სამწუხარო იქნება და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს ვეტო იქნას დაძლეული.

აბსოლუტურად არ ვეთანხმები პრეზიდენტს და კარგი იქნებოდა, ჩვენთვისაც მოესმინა, სხვებს რომ ხვდებოდა, და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება,” – განაცხადა ალავიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

15 ივნისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას. ხელისუფლების გეგმის მიხედვით, 12 ქალაქიდან თვითმმართველი ქალაქის სტატუსს 5 შეინარჩუნებს, ხოლო 7 თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი გაერთიანდება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნით პარლამენტს მიმართეს. ამ საკითხზე 3 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, პროცესი კანონდარღვევებით წარიმართა და არ მომხდარა მოსახლეობის აზრის გათვალისწინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი