ახალი ამბები

სუბარი: რატომღაც გვგონია, რომ ყოველი ახალი ბანერის დადგმა ახალი ოკუპაციაა

6 ივლისი, 2017 • 3694
სუბარი: რატომღაც გვგონია, რომ ყოველი ახალი ბანერის დადგმა ახალი ოკუპაციაა

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ოკუპაცია არ არის ადმინისტრაციულ ზოლზე ბანერების გადმოწევა.

ეს განცხადება სოზარ სუბარმა დღეს, 6 ივლისს, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული თემა, მაგრამ მაინც მგონია, რომ არასწორ კონტექსტში აშუქებთ ხოლმე. ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში, ოკუპაციას წერტილი დაესვა 2008 წელს. ამას ვივიწყებთ და რატომღაც გვგონია, რომ ყოველი ახალი ბანერის დადგმა ახალი ოკუპაციაა.

ეს ოკუპაცია მოხდა, რუსეთი არის ოკუპანტი და ეს ოკუპაცია რომ დავამთავროთ, ამისთვის არსებობს ორი გზა. პირველი: საქართველოს გახდეს ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც გახდება დასავლური სამყაროს ღირსეული წევრი და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შანსი, გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და აუცილებლად აღდგება ტერიტორიული მთლიანობა. მეორე გზა: ეს არის გვქონდეს უფრო მეტი ატომური ბომბი, გვყავდეს უფრო მეტი ტანკი, გვყავდეს უფრო მეტი თვითმფრინავი, ვიდრე რუსეთს აქვს, და ძალით დავიბრუნოთ, ვერ მოხდება ეს და არ მოხდება.

ამიტომაც, როდესაც ლაპარაკია საზღვრის გადმოწევაზე რაღაც 200 მეტრით, 700 მეტრით, 10 ჰექტარით, თუ 15 ჰექტარით, ეს გადმოწეულია რამდენიმე ათეული კილომეტრით 2008 წლის შემდეგ. ოკუპაცია უნდა დავასრულოთ, ვლაპარაკობ არა მეტრებზე, არამედ ვლაპარაკობ მთლიანად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე, რომლის საზღვრები აღადგინა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომის წინ, ვლაპარაკობთ მთლიანად აფხაზეთზე, თავის კოდორის ხეობიანად, რომელიც ასევე 2008 წელს ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს, რომელიც მანამდე შეინარჩუნა იქაურმა მცხოვრებმა კოდორელებმა. ეს უნდა დამთავრდეს და ახლა ყოველი ბანერის დასმა, რაიმე ახალი თვისობრივად არ იცვლება,”- განაცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისა და ეკონომიკის დემოკრატიის გაძლიერებას ირჩევს.

“ავტომაგისტრალთან 2008-ში რომ მოახლოვდნენ, ისევ იქ დგანან. თუ შეგვიძლია დავახევინოთ, დავახევინოთ, მაგრამ ჩვენი გზაა ქვეყნის განმტკიცება, გვაქვს რამე სხვა გზა?”- განაცხადა სუბარმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, “გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გამო რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა”.

სუს-ის განცახდებით, აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე.

“აღნიშნული საკითხი განსახილველად აუცილებლად დადგება 11 ივლისს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი