ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისში ძაღლების გასასეირნებლად სპეციალური პარკები მოეწყობა

6 ივლისი, 2017 • 6594
თბილისში ძაღლების გასასეირნებლად სპეციალური პარკები მოეწყობა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში სპეციალურად შერჩეულ 7 წერტილში ძაღლების გასასერინებელი ადგილები მოეწყობა, სადაც ძაღლების მეპატრონეებს საშუალება მიეცემათ საკუთარი შინაური ცხოველი გაასეირნონ და მათთან ერთად დაისვენონ.

სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ ფხალაძის განცხადებით, სპეციალური ადგილები გამოიყოფა “ვერის ბაღთან”, “კუს ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე, “დედაენის” ბაღში, “წითელ ბაღში”, “მზიურში”, ასევე, ვარკეთილსა და პეტრიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ სკვერში.

გასასეირნებელი ტერიტორიები იქნება იზოლირებული და შემოისაზღვრება. ამავე სივრცეში ძაღლის გასეირნება ალიკაპისა და საბმელის გარეშე იქნება დასაშვები.

“ეს ის ადგილებია, სადაც ძაღლის პატრონს შეეძლება გამოასეირნოს ცხოველი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე – ალიკაპისა და საბმელის გარეშე. მოეწყობა სპეციალური ბარიერები ძაღლების ფიზიკური დატვირთვისთვის, ამავე ტერიტორიაზე იქნება სპეციალური ურნები ფეკალიების მოსათავსებლად, იქნება რამდენიმე ვოლიერი. ასევე ფანჩატური გაკეთდება, რათა მეპატრონეებმა მოისვენონ,” – ამბობს ფხალაძე.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, სპეციალურად ძაღლებისათვის გასასეირნებელი ადგილები გაზრდის არა მხოლოდ ძაღლების მეპატრონეების კომფორტს, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოებასაც. ასევე გააუმჯობესებს ქალაქში სანიტარულ მდგომარეობას.

ფხალაძის თქმით, ქალაქის მთავრობისა და საკრებულოს მიერ გაიცა ნებართვა და პარკების ესკიზური პროექტები გადაეცა შესაბამის რაიონულ გამგეობებს, რომლებმაც მუშაობა უკვე დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი