ახალი ამბები

პრემიერმა მაშველები სახელმწიფო ჯილდოზე პრეზიდენტს წარუდგინა

6 ივლისი, 2017 • 1907
პრემიერმა მაშველები სახელმწიფო ჯილდოზე პრეზიდენტს წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კირიკაშვილმა სამეგრელოში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივ ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრები, რომლებმაც გუშინ, 5 ივლისს,  ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარუდგინა. პრეზიდენტმა უკვე მიიღო ეკიპაჟის წევრებისა და პილოტების ღირსებით ორდენებით დაჯილდოების გადაწყვეტილება.

“ასევე გუშინ, შავი ზღვის აკვატორიაში 5 ბალამდე შტორმის დროს, მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 20 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან ორი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველა დამეთანხმებით, რომ ეს თავდადება ძალიან დასაფასებელია და მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მათი სათანადოდ დაჯილდოება და წახალისება. ეს არის უაღრესად საპატიო საქმე და ძალიან საამაყოა, რომ გვყავს ასეთი მაღალპროფესიონალი მაშველები და მფრინავები, რომლებმაც გუშინ სასწაული შეძლეს. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეხანძრე-მაშველს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ”,- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,პრეზიდენტისაგან სახელმწიფო ჯილდო ვერტმფრენის ეკიპაჟს მაღალი რისკის შემცველი სამაშველოოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის გადაეცემა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მაშველებმა ვერტმფრენის დახმარებით 2 ადგილობრივი გადაარჩინეს, რომლებიც ადიდებულ მდინარეში, პატარა კუნძულზე იყვნენ დარჩენილი და წყლიდან გმაოსვლას ვერ ახერხებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი