ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არასამთავრობოები ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავებას ითხოვენ

6 ივლისი, 2017 • 3870
არასამთავრობოები ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავებას ითხოვენ

“კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავება და მისგან გამომდინარე ადეკვატური მოქმედებების დაგეგმვა, რაც მსგავსი კრიზისების დროს მათზე რეაგირების ქმედითი გეგმისა და სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავებას გულისხმობს”.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით ახალი სასაზღვრო ბანერის დადგმის საკითხზე განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); მედიის განვითარების ფონდი (MDF); კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS); საქართველოს ატლანტიკური საბჭო, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI).

“ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, პოზიციის მობილიზაციასთან ერთად დაუყოვნებლივ გაიმართოს შეხვედრა უშიშროების საბჭოს ან/და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში, რომელზეც განხილული იქნება საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე დღეს არსებული მყისიერი საფრთხეები, ასევე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უაღრესად სერიოზული გამოწვევები, რაც გამოიხატება ე.წ. ბორდერიზაციის, მცოცავ ოკუპაციასა და მოსალოდნელ ანექსიაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტურად გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია”, – წერია განცხადებაში.

4 ივლისს ქართული მედიისა და სუს-ის მიერ გავრცელებულ ცნობას,   რომ “გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გამო რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა”, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისია (EUMM) გამოეხმაურა. მისიის ინფორმაციით, ბანერების დადგმის უკანასკნელი ფაქტი ფიქსირდება არა 4 ივლისს, არამედ 2017 წლის 19 ივნისს ბერშუეთის [გდულეთი] მახლობლად, ძალიან ახლოს ადმინისტრაციულ საზღვართან, იმ მონაკვეთზე, რომელიც თბილისის მიერ არ კონტროლდება.

4 ივლისს ქართული მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს მოსკოვიც გამოეხმაურა და საქართველო კვლავ ცრუ და აბსურდულ განცხადებებში დაადანაშაულა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი