საქართველო 2:1 შვედეთი – ევროპის U19 ჩემპიონატი ფეხბურთში

19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები გიორგი კოხრეიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანეს.

ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ორივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანეს, ხოლო შვედეთმა ერთი ბურთის გატანა მეორე ტაიმის დებიუტშივე მოახერხა. სტუმართა გუნდიდან გოლი ვიქტორ გიოკრესმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში კიდევ არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ. განსაკუთრებით უშეცდომოდ ქართველი ფეხბურთელები პირველ ტაიმში თამაშობდნენ. მატჩის ბოლოს ანგარიშის გათანაბერება შეეძლო შვედეთსაც, თუმცა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა მომენტი ხელიდან გაუშვა.

საქართველოში მიმდინარე ევროპის U19 ჩემპიონატის A ჯგუფში პირველ ადგილს პორტუგალია იკავებს, რომელმაც პირველ შეხვედრაში საქართველოს სძლია მინიმალური ანგარიშით. ჯგუფში მეორე ადგილზეა ჩეხეთი, რომელმაც შვედეთი დაამარცხა პირველ შეხვედრაში ასევე მინიმალური სხვაობით. მესამეზე მასპინძელი საქართველოს ნაკრებია.

დღეს ასევე გაიმართება ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც პორტუგალია და ჩეხეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. საქართველოს ნაკრებისთვის ხელსაყრელია, თუ ამ მატჩს პორტუგალია მოიგებს; ქართველი ფეხბურთელები მომდევნო და უკანასკნელ მატჩს სწორედ ჩეხ თანატოლებთან გამართავენ, ხოლო მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები ფეხბურთში U19. ფოტო: GFF

საქართველოს ნაკრები ფეხბურთში U19. ფოტო: GFF

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.