ახალი ამბები

ენმ აცხადებს, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატის სახლი სუს-მა გაჩხრიკა

5 ივლისი, 2017 • 2020
ენმ აცხადებს, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატის სახლი სუს-მა გაჩხრიკა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გლდანში მათ მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატის, გოჩა კოკაიას სახლი სუსმა გაჩხრიკა.

როგორც ნეტგაზეთს ენმ-ის პრესსამსახურში განუცხადეს, სუს-ის წარმომადგენლებმა ჩხრეკისას საფუძვლად მიუთითეს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ კოკაია დოკუმენტებს აყალბებდა.

ჩხრეკა კოკაიას სახლში. ფოტო © ენმ-ს პრესსამსახური

ჩხრეკა კოკაიას სახლში. ფოტო © ენმ-ს პრესსამსახური

“ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს. ჩხრეკა 2 საათი გრძელდებოდა. შედგა ოქმი და წაიღეს კოკაიას მობილური ტელეფონი დალუქულ მდგომარეობაში”, – აცხადებენ ენმ-ის პრესსამსახურში.

ენმ-ში ამბობენ, რომ კოკაია 2008 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აპარატის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა და თანამდებობიდან 2 თვის წინ წამოვიდა.

ნეტგაზეთი დაუკაშირდა სუს-ს, სადაც მათ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე მიგვითითეს, რომლის მიხედვითაც, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა:

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი  თამაზ ინალიშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თამაზ ინალიშვილი საქართველოს  მოქალაქეს  დაჰპირდა თავისი ნაცნობის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლის  მეშვეობით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის 3 წლის ვადით  გადავადებას, რის სანაცვლოდაც 1000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს თამაზ ინალიშვილმა აღნიშნულ მოქალაქეს გამოართვა  მოთხოვნილი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით და განუმარტა, რომ უმოკლეს ვადაში გადასცემდა სამხედრო – სააღრიცხვო მოწმობას, რომელშიც იქნებოდა სავალდებულო სამსახურის გადავადების შესახებ შესაბამისი მონაცემი.

2017 წლის 05 ივლისს  თამაზ ინალიშვილმა მოქალაქეს გადასცა სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადების ამსახველი  სამხედრო-სააღრიცხვო წვევამდელის ყალბი მოწმობა, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 25- 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, – ვკითხულობთ ზემოხსენებულ პრესრელიზში.

სუს-ის პრესსამსახურს ვკითხეთ, რა კავშირი აქვს ამ საქმესთან ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას, რაზეც გვიპასუხა: “როდესაც მოხდა ინალიშვილის დაკავება, მისი ჩვენების საფუძველზე და მოსამართლის განჩინებით, ჩატარდა ჩხრეკა გოჩა კოკაიას საცხოვრებელ ბინაში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი