ახალი ამბები

ჯეჯელავა: მუხთარლის საქმის გამოძიების მიმდინარეობას დასავლელი პარტნიორები ეცნობიან

5 ივლისი, 2017 • 1766
ჯეჯელავა: მუხთარლის საქმის გამოძიების მიმდინარეობას დასავლელი პარტნიორები ეცნობიან

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმესთან დაკავშირებულ გამოძიების მიმდინარეობას საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები რეგულარულად ეცნობიან:

“ჩვენ ვიცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ვიცით, რომ ჩართულნი არიან პროცესში ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები და ვიცით, რომ მათთვის სრულად ხელმისაწვდომია ინფორმაცია და ისინი რეგულარულად ეცნობიან გამოძიების მიმდინარეობას. ჯერჯერობით ეს არის, რაც შეგვიძლია ვთქვათ”,- განაცხადა ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი