ახალი ამბები

“ვდნებოდი” – აბიტურიენტები ცხელი საგამოცდო ოთახებისა და კალმების გამო ჩივიან

5 ივლისი, 2017 • 5113
“ვდნებოდი” – აბიტურიენტები ცხელი საგამოცდო ოთახებისა და კალმების გამო ჩივიან

აბიტურიენტების ნაწილი ეროვნული გამოცდების პროცესში მაღალი სიცხის გამო ჩივის. ისინი ამბობენ, რომ საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ძირითადად საჯარო სკოლებშია მოწყობილი, გაგრილების სისტემა დამონტაჟებული არ არის. აბიტურიენტები ასევე საუბრობენ იმის შესახებ, რომ წერის პროცესში პრობლემები შეექმნათ კალმებთან დაკავშირებით.

“103-ე საჯარო სკოლაში ჩავაბარე გამოცდა, რომელიც  მესხეთის ქუჩაზე მდებარეობს. სკოლა ძალიან მოწესრიგებულია, ახალი შენობაა, თუმცა, რაც შეეხება გაგრილებას, საერთოდ არც კი ნიავდება – ეს ძალან აუტანელ სიცხეს იწვევდა. თან მე დილის ნაკადში ვიყავი და წარმომიდგენია შუადღის ბავშვები… ფანჯრები ხშირ შემთხვევაში არ იღებოდა, ჟალუზი უშლის ხელსო, ესე განგვიმარტეს”, – ამბობს აბიტურიენტი ივა, რომელმაც გამოცდა ქართულში 4 ივლისს ჩააბარა.

“ვდნებოდი შუადღის სესიაზე”, – ამბობს გვანცა, რომელმაც გამოცდა იმავე სკოლაში ჩააბარა. “დამკვირვებელმა როგორც გვითხრაა, კონდიციონერები არც ერთ საგამოცდო უბანზე არ არისო. გარდა ამისა, კალმები იყო საშინელი. სხვა მხრივ, ნორმალური პირობები იყო”.

“მე 175-ე სკოლაში დავწერე გამოცდა გუშინ, 15:00 საათზე. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა ნაძვებშია ჩაფლული, შედარებით გრილოდა, თუმცა კონდიციონერი არ იყო. ყველა ოთახში 3-4 ფანჯარა იყო, კარებიც ღია და, სიმართლე გითხრათ, არ შევუწუხებივარ სიცხეს”, – ამბობს აბიტურიენტი სალომე.

“მე სტუ-ს მეექვსე კორპუსში დავწერე 3 ივლისს, 15:00 საათზე. კონდიციონერი არ იყო… სუნთქვა რომ გიჭირს, ისეთი სიცხე იყო. ფანჯარა გამოაღეს რამდენჯერმე და ფურცლები გადაყარა ნიავმა, ამის შიშით ისევ დაკეტეს. მოკლედ, ვიყავით ასე. სავარაუდოდ, ჩემი კალამი ახალი იყო და კარგად წერდა, მაგრამ ჩემს უკან იჯდა ბავშვი, რომელმაც სამჯერ გამოაცვლევინა და მეოთხედ უთხრეს: შეეშვი, შვილო, ყველა ერთი ოხერიაო”, – ამბობს მარიამი.

“მე სანზონაში, 133-ე სკოლაში დავწერე გამოცდა. რა კონდიცირება? დაწყებითი კლასის საკლასო ოთახი იყო. თავიდან არაუშავდა, მაგრამ 1 საათში ისე დაიხუთა, უჰაერობის გამო საპირფარეშოში გავდიოდი”, – ამბობს აბიტურიენტი.

ეროვნული გამოცდები საქართველოში ორშაბათიდან დაიწყო. გასული ორი დღის განმავლობაში  განსაკუთრებით ცხელოდა, რის გამოც  ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობისათვის რეკომენდაციებიც გამოაქვეყნა, საიდანაც პირველი სწორედ სახლში სიგრილის შენარჩუნების აუცილებლობას ეხება.

“გამოცდები ძალიან სტრესულია და იქაც, სადაც არის კონდიცირება, ბუნებრივია, ამის გამო ძალიან ბევრი გულის წასვლა და მსგავსი რამ ხდება, რაც სამწუხაროა. სიცხე ნამდვილად არის პრობლემა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ სწორედ ეროვნული გამოცდების დაწყებას დაემთხვა ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება”, – ეს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას კომენტარია.

“იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში ყველა ჩვენი ცენტრი იქნება კონდიცირებული. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულ ადგილებში კონდიციონერებს არ რთავენ, ზოგან ტექნიკური პრობლემაა, ზოგან სხვა სახის სირთულეა და, სამწუხაროდ, ისეთი ვითარებაც გვაქვს, როდესაც ვიღაცას პირიქით, ხელს უშლის. თუმცა ეს არის ის, რის გამოსწორებაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ”, – აცხადებს ჯეჯელავა.

გამოცდების დაწყებამდე სიცხესა და მასთან დაკავშირებულ სავარაუდო პრობლემებზე ნეტგაზეთი მაია მიმინოშვილსაც ესაუბრა:

“ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს არანაირი შესაძლებლობა და უფლება, რომ სკოლების ან უმაღლესი სასწავლებლების სექტორებში კონდიციონერები დავამონტაჟოთ. ეს სრულიად წარმოუდგენელია. მხოლოდ ფინანსურ მხარეზე არ არის საუბარი, რადგან როცა ერთ სექტორში 15 ადამიანი ერთადროულად ზის, იქაც არსებობს პრეტენზიები, რომ… მე, მაგალითად, არ მიყვარს კონდიციონერი. მირჩევნია ბოლომდე გავუძლო სიცხეს, თუმცა ძალიან მაღალი ტემპერატურისას იძულების წესით ცოტა ხნით ვრთავ ხოლმე, მაგრამ ასეთ ოთახში დიდხანს ნამდვილად ვერ ვჩერდები. ანუ ვიღაცაზე [პირიქით] მოქმედებს კონდიციონერი და მისი გამორთვა უნდა, ვიღაც ამბობს, რომ ძალიან ცხელა და ჩართეთ. ქართველები ვართ და თუნდაც 15 ადამიანში თანხმობის მიღწევა რთულია.

800-ზე მეტი სექტორი გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყველგან კონდიციონერის დამონტაჟება შეუძლებელია. კარგი იქნებოდა,  ქვეყანას რომ ამის შესაძლებლობა ჰქონოდა. რამდენიმე სკოლაც რომ ყოფილიყო გაგრილების სისტემით, აქცენტს მათზე ავიღებდით, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ არის. იმედია, მომავალში იქნება.

ჩვენ შევიძინეთ ფარდები, რომლებიც სექტორებს მზისგან დაიცავს და, ბუნებრივია, იქ, სადაც ფანჯრის გაღებაა შესაძლებელი, წინასწარ გავანიავებთ ყველა სექტორს. ფანჯარაც გვექნება ღია, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც არის ხოლმე პრეტენზიები: მე მიბერავს და იმიტომ ვერ დავწერეო, სხვა იტყვის, არ დაკეტოთ, ვიხუთებიო და ა.შ.”, – უთხრა ნეტგაზეთს მაია მიმინოშვილმა გამოცდების დაწყებამდე ჩაწერილ ინტერვიუში.

რაც შეეხება კალმების საკითხს, მიმინოშვილის მოადგილე ივა მინდაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ გარკვეული პრეტენზიების შესახებ ინფორმაცია მათაც აქვს, თუმცა “ეს არა მასშტაბური, არამედ ერთეული შემთხვევებია”.

თუმცა, როგორც უკვე ზემოთ ნახავდით, ნეტგაზეთის მიერ გამოკითხული 5 აბიტურიენტიდან კალმების საკითხი 2-მა ახსენა საკუთარი ინიციატივით, ამის შესახებ მინდაძესაც ვუთხარით.

მინდაძის თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ, სკანერზე ადაპტირებულ კალმებს იყენებს და  და თუ გამოცდის წერის პროცესში რომელიმე აბიტურიენტს რაიმე პრობლემა შეექმნება ამ კუთხით, შეუძლია კალამი ადგილზევე მომენტალურად შეცვალოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი