ახალი ამბები

რეგიონული განვითარების სამინისტრო: ირმა ნადირაშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

30 მარტი, 2013 • • 1173
რეგიონული განვითარების სამინისტრო: ირმა ნადირაშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ირმა ნადირაშვილის მიერ გუშინ, 29 მარტს პრესკონფერენციაზე ნათქვამი  ინფორმაცია  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.  სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გათავისუფლებულია 19 და არა 109 თანამშრომელი.  

 

“კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ირმა ნადირაშვილს რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის საერთოდ არ მოუმართავს მოთხოვნით, მიგვეწოდებინა მისთვის გათავისუფლებულ თანამშრომელთა სია ან რაოდენობა”– ნათქვამია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

სამინისტროს მიერვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის 20 თებერვალს სამინისტროში შევიდა დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის წერილი, რომლითაც ითხოვდა ინფორმაციას  2012 წლის 1 დეკემბრიდან წერილის შემოსვლის დღემდე „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მის მმარველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში, სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სამსახურებში მიღებულ და სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებთან დაკავშირებით“.

 

“ამ წერილის პასუხად, 2013 წლის 26 თებერვალს გოგორიშვილს გაეგზავნა ინფორმაცია სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებიდან – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან წერილში მითითებულ პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა შესახებ. 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 19 თებერვლის ჩათვლით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გათავისუფლდა მხოლოდ 6 თანამშრომელი. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან კი, ამავე პერიოდში გათავისუფლდა 13 თანამშრომელი. სულ 19 თანამშრომელი” – ნათქვამია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ 29 მარტს, ირმა ნადირაშვილმა საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 109 თანამშრომელი გათავისუფლდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი